ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ტრამპს, რომ 2025 წელს გაფორმებული შეთანხმება შეასრულოს

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომ მან შეასრულოს 2025 წელს გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება. „შეთანხმება არის შეთანხმება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამასთანავე, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის“.

ცნობისთვის, 1-ელ მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ის საბაჟო გადასახადს 15-დან 25%-მდე ზრდის. ეს, პირველ რიგში, გერმანელ ავტომწარმოებლებს დაარტყამს.

გასული წლის აგვისტოში ტრამპმა განაცხადა, რომ საბაჟო გადასახადი ევროკავშირის ქვეყნებისთვის 15%-ის დონეზე იქნება შენარჩუნებული. ახლა კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროკავშირს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ევროპამ ამერიკულ სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადების ნაწილი არ გააუქმა.