პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში 2 305 ავტომობილი შევიდა – რუსული “ავტოსტატი”

ამის შესახებ რუსული “ავტოსტატის” კვარტალურ საიმპორტო მიმოხილვაში წერია, რასაც Autonews ავრცელებს.

კერძოდ, იანვარ-მარტის პერიოდში რუსეთში 82 300 მეორადი ავტომობილი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია.

აქედან საქართველოს წილი 2.8%, ანუ 2305 ავტომობილია.

რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტში ქვეყნების კვარტალური წილი ასეთია:

  • იაპონია 57.7%
  • ჩინეთი 23.6%
  • სამხრეთ კორეა 7.4%
  • ბელარუსი 3.7%
  • საქართველო 2.8%
  • გერმანია 0.9%
  • ყირგიზეთი 0.8%
  • ყაზახეთი 0.6%

სხვა ქვეყნები 2.5%

იმპორტირებულ ბრენდებს შორის ლიდერი Toyota, ხოლო მოდელებს შორის პირველ ადგილზე Honda Fit-ია.

2025 წელს რუსეთში მეორადი ავტომობილების მთლიან იმპორტში საქართველოს წილი 7.4%-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის: აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 2022 წლის მარტში აკრძალეს. საქართველოში აკრძალვა ოფიციალურად 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა, რაც რუსეთში ამერიკული ავტომობილების რეექსპორტ-ექსპორტს შეეხო. იმავე წლის 26 სექტემბრიდან ეს შეზღუდვა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში როგორც რუსეთს, ასევე, ბელარუსის მიმართულებასაც შეეხო..

საქართველოს ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან ამერიკული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში, იმავე წლის 26 სექტემბრიდან კი, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, ბელარუსშიც აიკრძალა. ამ აკრძალვის შემდეგ, ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, აკრძალვიდან 2025 წლის ჩათვლით რუსეთში მხოლოდ 58 ერთეული, ბელარუსში კი 18 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, მაშინ, როცა სანქციების ამოქმედებამდე რუსეთსა და ბელარუსში წლიურად ჯამში 2-იდან 5 ათასამდე ავტომობილი გადიოდა.