
შეგახსენებთ, რომ 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას. რეგულაცია არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.
როგორც ნუკრი ქურდაძე გადაცემაში „საქმე“ აცხადებს, ახალ წესთან დაკავშირებით, კითხვები უამრავია.
„კითხვები უამრავია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ აბსურდის თეატრში ვმონაწილეობთ.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, 30 წლის წინ, როდესაც ამ საქმეს ხელი მოვკიდე, რომ მცოდნოდა, 2025-2026 წლებში მსგავსი მოუფიქრებელი შეზღუდვები და რეგლამენტები ამოქმედდებოდა, ძალიან სერიოზულად დავფიქრდებოდი.
როგორც მინიმუმ, ამხელ ვენახს არ გავაშენებდი. ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა. ისიც საკმარისია, რომ ბოლო 3 წელია ვამცირებთ და ვამცირებთ იმის მაგივრად, რომ გავიზარდოთ.
იმის მიუხედავად რომ 25 ქვეყანაშია ჩვენი ღვინო წარმოდგენილი, მხედველობაში მაქვს დასავლეთის ქვეყნები (ჩვენ რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში არ ვყიდით ჩვენს ღვინოს), და მოტივაცია უნდა მქონდეს რომ გავზარდო წარმოება, პირიქით, მოტივაცია მაქვს, რომ მაქსიმალურად შევზღუდო.
ბევრი მეღვინე ვიცი, რომ უკვე იტალიიდან ჩამოაქვს საფერავი და რქაწითელის ნერგები.
წარმოიდგინეთ, ქვევრი არ იწარმოება ქვეყანაში, ვერ იშოვით წესიერ ქვევრს, ბოთლები არ არის საერთოდ, ღვინის ინვენტარი საერთოდ არ იწარმოება.
საკმარისია გაიაროთ დიდ ქარხნებთან ღვინის მიმღებ პუნქტებში, სულ ოქროს ღვინო რომ მიიტანოს მევენახემ, იმ სიცხეში რომ დგას 1 საათი, იმისგან არავითარი კარგი ღვინო არ გამოვა.
საერთოდ რა ხარისხზეა საუბარი, არ მესმის. საკმარისია გაიაროთ კახეთში, ნახავთ უამრავ გაჩეხილ ვენახს, სადაც დგას ჭერამი, გარგარი და ბროწეული.
გასაგებია, სამინისტროში ვიღაც ჩინოვნიკმა შეიძლება არ იცოდეს ეს დეტალები და გაუაზრებლად მიიღოს რაღაც კანონები, მაგრამ ხომ არის ეს სააგენტო, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, ურჩიონ მაინც, რომ არ შეიძლება ამის მიღება და ამოიღონ ხმა.
უკაცრავად, მაგრამ მათი თბილი სკამების გამო დარგი იძირება და ფაქტობრივად ნადგურდება”, – განაცხადა „ფაფარი ველის“ დამფუძნებელმა ნუკრი ქურდაძემ
