რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ოფიციალური მონაცემები, თუ რა მოცულობის გაზს ვყიდულობთ, უცნობია, რამდენადაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნულ მონაცემებს აღარ ასაჯაროებს. შესაბამისად, ასეთ დროს მხოლოდ აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ვეყრდნობით.
კერძოდ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 0.8 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივი აირის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 0.7 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ამდენად, საქართველოში გაზის მიწოდება წლიურად, დაახლოებით, 14.3%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, იანვარ-აპრილში, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანმა 8.4 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი გაიტანა ექსპორტზე. მისმა ღირებულებამ 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 37.593 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა, აქედან 6.989 მლნ დოლარის აზერბაიჯანში. ექსპორტზე კი 1.854 მლნ დოლარის დენი გაიტანა, საიდანაც 1.853 მლნ დოლარის აზერბაიჯანში გაყიდა.
საინტერესოა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელიც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 471.319 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან 36.422 მლნ დოლარის, ანუ მხოლოდ 7.7% აზერბაიჯანში. რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველომ 324.114 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაყიდა, აქედან 953 ათასი დოლარის აზერბაიჯანში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ 20 წლით გააგრძელეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეთანხმება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის დოკუმენტების პაკეტის ნაწილია და სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. ამასთან, მხარეებს შორის ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულებას, რაც, „უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აზერბაიჯანულმა და ქართულმა მხარეებმა განიხილეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს, ელექტროენერგიის მიმართულებაა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ელექტროენერგიის მიმართულებით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით“. როგორც ცნობილია, საქართველოს გადამცემ ხაზებს ძირითადად აზერბაიჯანის იყენებს თურქეთში ელექტროენერგიის გასაყიდად
ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა.

