„ეს ემსახურება ან უვიცობას ან მიზანმიმართულ ბოროტებას, რომ ქართული კომპანიები ჩამოვიშოროთ,” — ასე აფასებს იურისტი, Niauri & Co, LLC-ის გენერალური დირექტორი ბადრი ნიაური „ბიზნესპრესნიუსთან” ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით დაანონსებულ რეფორმას.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილე კომპანიებისთვის დაინერგება ფასების ინდექსაციის მექანიზმი, ასევე შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება.
რეფორმის ფარგლებში, იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო „შავი სიის“ მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.
ბადრი ნიაურის შეფასებით, დაანონსებული „შავი სიის“ მიდგომა ფორმალური და არაეფექტიანი იქნება.
„პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ თვითონ რეფორმის მცდელობა, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ვიცით, როგორ დაიწყო ეს რეფორმა, ხომ? ე.წ. „თეთრი სიით“.
„თეთრ სიასთან“ მიმართებით დავინახეთ, რომ არანაირი შედეგი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, არანაირი ეფექტი ამან არ მოიტანა. ამას თვითონ ამ „რეფორმის” გაგრძელებაც ცხადყოფს.
ახლა „შავ სიასთან“ მიმართებით ვისმენთ, რომ თითქოს ერთი და იგივე დამფუძნებლებმა, დირექტორებმა ვერ უნდა შეძლონ კომპანიის დაფუძნება და ა.შ.
რაც არის მოჩვენებითი ხასიათის. იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან ამის მესვეურებმა და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვერ იაზრებენ რას ლაპარაკობენ, ვერცერთი ახალი კომპანია, ვერცერთი სტარტაპი, ვერცერთი აფილირებული პირისგან დაფუძნებული კომპანია ვერ შეძლებს ტენდერში მონაწილეობას ერთი მარტივი მიზეზის გამო — მას არ აქვს გამოცდილება. ეს ერთი საკითხი.
მეორე — პირობითად ვამბობ, ვთქვათ, ოთხი თუ ხუთი დამფუძნებელია, რომელმაც რაღაც პროექტი ვერ მიიყვანეს ბოლომდე, ან აქვთ ბიზნეს შეუთანხმებლობა, ან გაიარეს ის შეცდომები, გამოცდილება დაუგროვდათ და რომელიმემ გადაწყვიტა სხვა კომპანიაში წილის ყიდვა, ან დაფუძნება და ნულიდან დაწყება, რას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები მოვკვეთოთ და კეთროვნები გავხადოთ?!
საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს ბიზნესი, ხელშეუხებლობა, კონსტიტუცია და მერე იმ დეტალებზე საუბარი, რასაც ინფრასტრუქტურის ე.წ. მინისტრი აჟღერებს, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, წარმოდგენა არ აქვს რას საუბრობს.
ახლა მთავარი ნიშნული, ვითომდა კარგად რომ ჟღერს, მინუს 20%-თან დაკავშირებით. ნახეთ, აქაც რა ტიპის არაჯანსაღი მიდგომა აქვთ. ჯერ ერთი, ჩვენ შესყიდვების სააგენტო გვყავს, ასევე დავების საბჭო და იქ ძალიან დიდი ინფორმაცია არის დაგროვილი, რა შეცდომებია და როგორ უნდა გამოსწორდეს.
„ეს ემსახურება უვიცობას ან მიზანმიმართულ ბოროტებას“ – ბადრი ნიაური სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმილ რეფორმაზე
ინფრასტრუქტურის მინისტრი არ არის ის ხელდასმული ბიჭი, რომელიც რეფორმებს უნდა ატარებდეს და გეტყვით რატომ. თუ ჩვენ გვინდა, რომ მინუს 20%-ზე ქვევით არ მივიღოთ ფასი, ლოგიკური და ბუნებრივია, როდესაც მოგება გრჩება 7% და 20%-ით ვიღაცა აკლებს, ბუნებრივია, ეს ემსახურება ან უხარისხობას, ან იაფ მუშახელს, ან პირამიდას.
ტექნიკურად შეუძლიათ ძალიან მარტივად შეზღუდონ საიტზე და უბრალოდ ვერ დადებს ვერცერთი კომპანია მინუს 20%-ის ქვევით ფასს. გარდა ამისა, ნახეთ დათქმა, რომ თუ ვინმე დადებს მინუს 20%-ს, მაშინ ის მოიტანს ორჯერ მეტ საბანკო გარანტიას.
პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პირდაპირი ომი და ბრძოლა ქართულ კომპანიებთან. ნებისმიერი ჩინური, თურქული თუ აზერბაიჯანული კომპანია მოიტანს ორჯერ კი არა, ათჯერ მეტ საბანკო გარანტიას იმ შემთხვევაში, თუ ის დადებს 20%-ზე ნაკლებ ფასს.
რას ემსახურება ეს იდეოლოგია? — ან უვიცობას პირდაპირი მნიშვნელობით, ან მიზანმიმართულ ბოროტებას, რომ ქართული კომპანიები ჩამოვიშოროთ,“ — განაცხადა ნიაურმა.
რაც შეეხება ტენდერში მონაწილე კომპანიების გამოცდილებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებას, როგორც ნიაური „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, ერთი და იგივე დამფუძნებლებისა და დირექტორებისთვის ახალი კომპანიის დაფუძნების შეზღუდვა რეალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან ახალი კომპანიები გამოცდილების არქონის გამო ტენდერებში მონაწილეობას ისედაც ვერ ახერხებენ.
„გამოცდილებასთან დაკავშირებით — აქტივში შეეძლებათ ქვეკონტრაქტორების და ძირითადი კონტრაქტორების გამოცდილების დაჯამება.
ჯერ ერთი, ჩვენ ასეთი ტიპის მექანიზმი გვაქვს, ამას ჰქვია „ამხანაგობა“. მაგრამ ქვეკონტრაქტორის შემოყვანა ასეთ სატენდერო პირობებში არის ძალიან საშიში, რადგან ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ძალიან ცოტა აკლდება გამოცდილებისთვის, ვუბიძგებთ იმისთვის, რომ ჩაიდინოს დანაშაული, გააკეთოს ფიქცია ეგრეთ წოდებულ ქვეკონტრაქტორებთან, რომლის კონტროლის მექანიზმები არ არსებობს.
გააჩენენ ბუღალტრულ დოკუმენტაციას და იმ დრომდე, სანამ რაღაც სისხლის სამართლებრივი საქმე არ დადგება, ბუნებრივია, ეს გამოცდილება იქნება მისაღები სახელმწიფოსთვის.
ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვევლინება დანაშაულის მაპროვოცირებლად, წამქეზებლად და რაც მთავარია, თუკი ასეთი ნება არსებობს, რომ გამოცდილება გააერთიანონ, ნუ დადებენ იმ ტიპის გამოცდილებას იმ ოდენობისას, რასაც ტენდერებში ითხოვენ ხოლმე,“ — აღნიშნა ნიაურმა.
რაც შეეხება ფასების ინდექსაციის დანერგვას, რასაც ბიზნესი წლებია ითხოვს, ნიაური ამბობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ აქაც უპირობოდ არაფერი არ ხდება.
„ის ზედნადები ხარჯები და დაგროვებითი ხარჯები, ეგრეთ წოდებულ 7-8%-ში რაც მერყეობდა და რაც მოიმატებს, ის არ არის უპირობოდ ათვისებადი თანხა. აქ უნდა იყოს მისი გახარჯვის აუცილებლობა და მაქსიმუმს ვერასოდეს ვერ ხარჯავდა ბიზნესი. სავარაუდოდ, აქ უნდა მოხდეს ექსპერტიზის ბიუროს ჩართვა.
რაც შეეხება ექსპერტიზის ბიუროს, ვიცით რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო გამტარუუნარო გახდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
ისინი პირდაპირ, ბუნებრივია ახლა მინისტრის შეძახილზე ვერ იტყვიან, რომ ამას ჩვენ ვერ ავწევთ და ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე, მაგრამ მიმდინარე კერძო პროექტებთან მიმართებაში 10-11 თვე იცდიან კომპანიები იმისთვის, რომ მათი ჯერი დადგეს, როცა მაქსიმალური ვადა აქვთ 30 სამუშაო დღე.
ამიტომ ეს ინიციატივები, ბოდიში და როგორც სჩვევია პრემიერს, „კრამიტების მტვრევა“ მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბუნებრივია შედეგს არ მოგვცემს.
შედეგი უნდა იყოს მყისიერი. სხვა შემთხვევაში არ უშველის ტენდერების ხარისხს, არც ვადებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდ პროექტებთან მიმართებაში ძალიან თვალსაჩინოდ ჩნდება ეჭვები, ბევრი კითხვის ნიშანი. ამაზე დუმს ყველა — პრემიერიც, მინისტრიც, ანტიკორუფციულიც და სამართალდამცავი ორგანოებიც.
მაგალითად, დასავლეთ საქართველოში იყო ტენდერი 50-მილიონიანი, სადაც გამარჯვებული გამოვლინდა და გზების დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ უკეთესად შეეძლო გარკვეული პირობების ჩაწერა და შეწყვიტა. მაგალითად, მერიაში არის 17-მილიონიანი ტენდერი შეწყვეტილი, კედლის გამაგრების და ქვათაცვენისთვის. დავების საბჭოს გადაწყვეტილებას ამოფარებულებმა შეწყვიტეს ეს ტენდერი.
მაგალითად, ძალიან ბევრი ფაქტია დავების საბჭოს გადაწყვეტილება, რომ ჯარიმები უნდა იყოს 0.02%, მაგრამ კვლავ აგრძელებენ ხელშეკრულების ღირებულების სრული ოდენობიდან ამ ჯარიმების დათვლას.
ამით იმის თქმა მინდა, რომ სატენდერო პირობების თანაბრობა არ არის დაცული. რაღაც კორუფციას ეძებენ თითქოს და სინამდვილეში ეს კორუფცია არის მათ თვალწინ. ვერ ნახავთ ორ იდენტურ ხელშეკრულებას, სადაც სატენდერო პირობები არის იდენტური ერთსა და იმავე უწყებაში. და მაქვს კითხვა — სად არის ეს კორუფცია?», — აღნიშნავს ბადრი ნიაური.
მისივე შეფასებით, აღნიშნული რეფორმით ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარისხი ვერანაირად ვერ გაუმჯობესდება.
„რა თქმა უნდა, ამას ხარისხთან არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ აქვს. ამით მცირდება კონკურენცია და მცირდებიან კომპანიები, რომლებიც უკვე გამოხატავენ უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ.
ყველა ფეხზე დამდგარი, ძლიერი კომპანია ცდილობს, აირიდოს სახელმწიფო შესყიდვები და ის, ვინც გაიმარჯვებს, მოუწევს როგორც ქვეკონტრაქტორებთან, ისე ძლიერ კომპანიებთან მისვლა.
ჩვენ ვქმნით სისტემას, სადაც მონაწილეთა რაოდენობა მცირდება. „თეთრ სიაში“ მისატანი საბანკო გარანტია ხშირად უფრო ძვირი უჯდება კომპანიას, ვიდრე ის, რომ პირდაპირ აიღოს სესხი ბანკიდან. ვინც საქმეშია ჩახედული, ის ადვილად მიხვდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრს ზღაპრები შეუძლია თავის ახალ მოყვანილ თანამშრომლებს მოუყვეს, რომლებიც ტელეფონზეც აღარ პასუხობენ», — ამბობს ბადრი ნიაური „ბიზნესპრესნიუსთან“.
