„მთავარია, ეს ერთჯერადი სტატისტიკური აფეთქება არ აღმოჩნდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ, გაგრძელდება თუ არა ეს დინამიკა დადებითი მიმართულებით,“ — ასე აფასებს სოციოლოგი პაატა აროშიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სიღარიბე 7.1%-ით შემცირდა.

სოციოლოგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ სიღარიბის შემცირებაზე გავლენა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებსაც ჰქონდეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ გადამწყვეტი ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაა.
ამასთან, პაატა აროშიძე ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის შემცირების მაჩვენებლების შეფასებისას მთავარი ყურადღება კვლევის მეთოდოლოგიაზე უნდა გამახვილდეს და არა მხოლოდ ციფრებზე.
„პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ რეალურად ეს მონაცემები დათვლილია საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით. ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი, იყენებს კვლევის იმ მეთოდოლოგიას, რაც მსოფლიოში არის აღიარებული. ამიტომაც, ძალიან რთულია ვინმემ მხოლოდ ვიღაცის საამებლად „დასვას“კარგი სტატისტიკური მაჩვენებლები, რადგან ამ მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც იყენებენ, აქვეყნებენ და იკვლევენ,“ — ამბობს პაატა აროშიძე.
მისი თქმით, სიღარიბის შემცირების მიმდინარე მაჩვენებლები შესაძლოა ნაწილობრივ სეზონურ დასაქმებასაც უკავშირდებოდეს.
„თუ კვლევა, მაგალითად, ჩატარებულია წლის ბოლო კვარტალში, ეს ნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონზე უფრო მეტი ადამიანი შეიძლება იყოს დასაქმებული, ვიდრე სხვა პერიოდში.
შესაბამისად, ღარიბი მოსახლეობის ნაწილის საშუალო ფენაში გადასვლა შეიძლება სწორედ სეზონურმა სამუშაოებმა განაპირობა. თუმცა ზოგადად, საქართველოში სიღარიბის მასშტაბებზე გავრცელებული შეფასებები ხშირად გადაჭარბებულია.
ხშირად საუბრობენ, თითქოს საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 30%-ს აღემატება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არარეალურია. სიღარიბეს თავისი კრიტერიუმები აქვს და ეს კრიტერიუმები საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარეობს.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების კეთილდღეობაზე მყისიერად არ აისახება და ამას დრო სჭირდება. ეკონომიკური ზრდა გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება თითოეული მოქალაქის განვითარებაზე.
ეკონომიკურ ზრდას მოსდევს ინფრასტრუქტურული პროექტები, ინფლაციის შემცირება, სესხების პირობების გაუმჯობესება და ამას საშუალოვადიანი ეფექტი აქვს და არა მოკლევადიანი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი შესაძლოა ეკონომიკური ზრდის ტემპთან სრულ შესაბამისობაში არ იყოს, ფაქტია, პროცესი უკვე დაწყებულია.
ეკონომიკური ზრდა რაოდენობრივი მაჩვენებლიდან უკვე ხარისხობრივ მაჩვენებელში გადადის და გვაქვს დადასტურება, რომ ღარიბთა რაოდენობა გარკვეულწილად შემცირდა,“ — ამბობს სოციოლოგი „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისივე თქმით, ახლა მთავარი ტენდენციის შენარჩუნებაა.
„მთავარია, ეს ერთჯერადი სტატისტიკური აფეთქება არ აღმოჩნდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ, გაგრძელდება თუ არა ეს დინამიკა დადებითი მიმართულებით.
არაა გამორიცხული სიღარიბის შემცირებაზე გავლენა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებსაც ჰქონდეს, თუმცა ვფიქრობ, გადამწყვეტი მაინც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაა.
თუ ადამიანი უცხოეთში წავიდა, დასაქმდა და თანხა გამოაგზავნა, ეს მაინცდამაინც საიმედო საფუძველი არ არის. მთავარი ინდიკატორი ის არის, გაიზარდა თუ არა ადგილზე დასაქმებული ადამიანების შემოსავალი და შეძლეს თუ არა მათ სიღარიბის დაძლევა,“ — ამბობს სოციოლოგი.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა და 7.1% შეადგინა.
ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8%-ით შემცირდა და 6% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3%-ით და 9%-ს გაუტოლდა.
