„მცირე და საშუალო კომპანიებს ვაჭრობა 60%-ით შეუმცირდათ — მთავრობამ პრობლემის წინაშე მყოფი დარგის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა“

ავტომობილების განბაჟების გაძვირების შემდეგ, მცირე და საშუალო კომპანიებს ვაჭრობა 60%-ით, ხოლო დიდ კომპანიებს 20%-ით შეუმცირდათ, — ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ავტომობილებით ვაჭრობის სექტორს გასაღების ბაზრებზე, ლოჯისტიკისა და კონკურენციის ნაწილში ისედაც პრობლემები ჰქონდა; ამ ფონზე კი, ავტომობილების განბაჟების გაძვირებით, მთავრობამ სექტორის მიმართ „საკონტროლო გასროლა განახორციელა“.

„გადაწყვეტილებამ ავტოიმპორტზე გავლენა უკვე იქონია. ცვლილებების შესახებ გამოცხადდა 12 თებერვალს, 15 მარტამდე ბაზარი აქტიური იყო, რადგან ყველა იყო მოსწრებაზე. მარტის შუა რიცხვებიდან განახევრებული იყო შესყიდვები. ნეგატიური მოლოდინები იყო, რადგან ნახევარ თვეში ვერანაირად ვერ მოასწრებდა ავტომობილი ჩამოსვლას და მოუწევდათ ახალი ტარიფით განბაჟება.

„მთავრობამ პრობლემის წინაშე მყოფი დარგის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა“

 

ამ ეტაპზე გადაწყვეტილებამ ის შედეგი გამოიღო, რომ მცირე და საშუალო კომპანიებს ვაჭრობა 60%-ით, ხოლო დიდ კომპანიებს 20%-ით შეუმცირდათ. ეს 20% არ უნდა გვახარებდეს, რადგან დიდი კომპანიის შემთხვევაში ამ 20%-ის მასშტაბები ძალიან დიდია. რაოდენობაში ეს ყველაფერი რომ დავითვალოთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი განახევრდა.

ამ კომპანიების უკან დგას დილერების მოთხოვნა, დილერების მოთხოვნა მიბმულია მომხმარებლის მოთხოვნაზე, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე რეექსპორტის ბაზარზე. პირველი სამი თვის მონაცემებით რეექსპორტი, ისევე როგორც იმპორტი, შემცირებული იყო. ამას წინაპირობა ჰქონდა — მთავრობამ ისედაც პრობლემის წინაშე მყოფი დარგის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა“, — ამბობს ალექსი ნონიაძე.

მანვე ისაუბრა რეექსპორტის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ყაზახეთში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ბაზარია საქართველოსთვის, ავტომობილებით ვაჭრობა შემცირების დინამიკით ხასიათდება.

„გასაღების ბაზრებსა და ლოჯისტიკურ ჯაჭვში იქამდე პრობლემები იყო. ამან გამოიწვია ექსპორტისა და იმპორტის შემცირება. მაგალითისთვის, ყაზახეთის მონაცემებს რომ გადავხედე, 2025 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ყაზახეტში შევიდა 400 მილიონი დოლარის ავტომობილები, აქედან 147 მილიონამდე ანუ დაახლოებით 36% გვეკავა ჩვენ. 2026 წლის სამი თვე რომ შევაჯამოთ, ყაზახეთში გაყიდული გვაქვს 86 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები, იქ ავტოვაჭრობა გაიზარდა 477 მილიონ დოლარამდე, ჩვენი პროცენტული წილი კი განახევრდა და არის 18%“, — განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა. ახალი კანონმდებლობით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ამ კატეგორიაში, 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი ისედაც 1.5 ლარი იყო, თუმცა ცვლილება შეეხო 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ მანქანებს, რომელთა განბაჟების ტარიფიც 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათ შემთხვევაში განბაჟების საფასური 4.5 ლარი გახდა, რაც ფაქტობრივად 5.6-ჯერ გაზრდილი ტარიფია. კანონის ძველი რედაქციით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის 1 კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.