«თუ სოცშემწეობის მიმღების უფლება აქვს საქართველოს მოსახლეობის 20%-ს, როგორ არის მხოლოდ 7% ღარიბი?! — ამას ჰქვია მეთოდოლოგიური ჟონგლიორობა“

„სიღარიბე რჩება საქართველოში უმთავრეს პრობლემად მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის 700 000 მოქალაქე არის მინიმალური სოციალური შემწეობის მიმღები“, — ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ილიაუნის“ სრულმა პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა საქსტატის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სიღარიბე 7.1%-ით შემცირდა.

როგორც გიორგი ხიშტოვანმა აღნიშნა, შესაძლოა, არის პროგრესი, მაგრამ საქართველოში სიღარიბე რჩება უმთავრესი პრობლემად მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის 700 000 მოქალაქე არის მინიმალური სოციალური შემწეობის მიმღები, რაც მოსახლეობის 20%-ს შეადგენს.

«ფაქტობრივად, სახელმწიფო გვეუბნება, რომ თუ რაღაც პერიოდის წინ მოსახლეობის პირობითად 25% იყო მინიმალური გადარჩენის რისკის ქვეშ, ახლა ასეთი არის მხოლოდ 7%. რიცხვებით რომ გითხრათ, კიდევ უფრო გასაგები გახდება, ჩვენ ხშირად გვისაუბრია, თუ რატომ ამზადებს სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმს, მერე აქვეყნებს და ეს იწვევს ჯერ ღიმილს, შემდეგ ბრაზს მოსახლეობის დიდ ნაწილში, რადგან შეუძლებელია, ზრდასრულ მამაკაცს უთხრა, რომ შენ 260 ლარი უნდა გეყოს 1 თვის განმავლობაში. აქ ეშმაკი ერთ დეტალშია დამალული, ეს სტატიკა, რომელიც ორიოდე დღის წინ «ქართული ოცნების» წარმომადგენლებმა გააჟღერეს ამბობს, რომ ღარიბი ხარ მაშინ, როცა თვეში 260 ლარზე ნაკლები გაქვს განსაკარგად. ეს სტატისტიკა, რასაც «ქართული ოცნება» იშველიებს ამბობს, რომ თუ მაგალითად, 280 ლარი გაქვს ხარჯი თვის განმავლობაში ერთ მოქალაქეს, შენ ღარიბი არ ხარ.

ევროკავშირი საერთოდ არ უყურებს აბსოლუტურ სიღარიბეს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გავზომოთ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი და გავზომოთ მოსახლეობის ნაწილს აქვს თუ არა იმაზე ნაკლები რესურსი, რაც არის საჭირო ნორმალური ცხოვრებისთვის.

«ქართული ოცნება» ამ ნახევარ სიმართლით შეეცადა დაეჯერებინა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომ ქვეყანა აღმავლობის გზაზეა. შესაძლოა, არის პროგრესი, მაგრამ სიღარიბე რჩება საქართველოში უმთავრეს პრობლემად მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის 700 000 მოქალაქე არის მინიმალური სოციალური შემწეობის მიმღები. ეს არის მოსახლეობის 20%. თუ მინიმალური სოციალური შემწეობის მიმღების უფლება აქვს საქართველოს მოსახლეობის 20%-ს, როგორ არის მხოლოდ 7% ღარიბი?! ამას ჰქვია მეთოდოლოგიური ჟონგლიორობა, რასაც ახორციელებს სტატისტიკის სამსახური საარსებო შემწეობის დათვლისას და ამას მერე იყენებს «ქართული ოცნება» პროპაგანდისთვის»- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა და 7.1% შეადგინა.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8%-ით შემცირდა და 6% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3%-ით და 9%-ს გაუტოლდა.