„ადამიანების გაღატაკება დღეს უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე გამდიდრება“ — პაატა აროშიძე

„მოსახლეობის გაღატაკების ტემპი გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო ფენიდან მდიდარ კლასში გადასვლის პროცესი“ ,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოციოლოგმა პაატა აროშიძემ სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯინის კოეფიციენტთან მიმართებით მთავარი პრობლემა ფიქსირებულ შემოსავალსა და ფასების ზრდას შორის არსებული სხვაობაა, რასაც საბოლოოდ სოციალური უთანასწორობის გაღრმავებამდე მივყავართ.

„საქართველოში და თუნდაც მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაცია ისეთია, რომ ადამიანის გაღატაკება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე გამდიდრება. ადამიანი საშუალო სოციალური კლასიდან მდიდართა კლასში უფრო ნაკლები ტემპით გადადის, ვიდრე ღარიბთა კატეგორიაში. ინფლაცია და ყოველდღიური ხარჯების ზრდა კი, ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე აისახება, რომელთა შემოსავალიც ფიქსირებულია. როდესაც ადამიანი დამოკიდებულია კონკრეტულ და ფიქსირებულ შემოსავალზე, ხოლო ფასები ბუნებრივად იზრდება, მისი ფინანსური მდგომარეობა უარესდება. მაგალითად, თუ იზრდება ელექტროენერგიის ღირებულება ან საკვები პროდუქტების ფასი, ადამიანის ხელფასი იგივე რჩება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ეს პრობლემა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს თანაბრად ეხებათ. იქნება ეს მასწავლებელი, ექიმი, ინჟინერი, ჟურნალისტი, სასტუმროში დასაქმებული პირი თუ დამლაგებელი — მათი შემოსავალი ფიქსირებულია და ვერ ეწევა ფასების ზრდის ტემპს,“ — აღნიშნავს პაატა აროშიძე.

სოციოლოგი ყურადღებას ამახვილებს სეზონური პროდუქციის გაძვირებაზეც და ამბობს, რომ მოქალაქეების შემოსავლების ზრდა ინფლაციის ტემპს ვერ მიჰყვება.

„სეზონური პროდუქტების ფასებიც იზრდება. იქნება ეს ბალი, მარწყვი თუ სხვა პროდუქტი, საბოლოოდ, ადამიანების შემოსავლების ზრდა იმდენად დაბალი ტემპით მიმდინარეობს, რომ ფასებს ვერ ეწევა. სწორედ ამიტომ არსებობს რეალური უთანასწორობა.

სიღარიბის შემცირების ცალკეული მაჩვენებლები საკმარისი არ არის და მთავარი გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებაა. მთავარია არა კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირებული მონაცემი, არამედ ის, როგორია შემცირების ტრენდი და რამდენად მიმდინარეობს გამოთანაბრების პროცესი.

აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში იდეალური სოციალური მოდელი პრაქტიკულად, არ არსებობს და უთანასწორობის პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას. მსოფლიოში ვერ დავასახელებთ ქვეყანას, სადაც ჯინის კოეფიციენტის თვალსაზრისით იდეალური მდგომარეობაა. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის“, — აცხადებს პაატა აროშიძე.

მისი თქმით, საქართველოში ერთ-ერთ პრობლემად საჯარო და კერძო სექტორის ანაზღაურებებს შორის განსხვავებაც რჩება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები ხშირ შემთხვევაში ბევრად მაღალია, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების შემოსავალი. რეალურად კი პირიქით უნდა იყოს, თუმცა აქ უკვე ბიზნესისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი იჩენს თავს,“ — განაცხადა პაატა არეშიძემ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით მცირედით შემცირდა და 0.34 ნიშნულს მიაღწია.