იაგო კაჭკაჭიშვილი: ოპოზიცია ლეთარგიულ ძილშია და არ მინდა ვთქვა, რომ მიცვალებულის მდგომარეობაში იმყოფება

უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომში რიტორიკის დონეზეც კი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას უფრო და უფრო მოუკლო , – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მშვიდობა შენარჩუნებულია ქვეყანაში, ამას თავისი ისტორიული ტრავმებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას უფასებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ხარისხები, დოზები აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მშვიდობის საფასური იმდენად მაღალია ქართული საზოგადოებისთვის, რომ მშვიდობის საფასურზე შეიძლება გაცვალოს უკრაინის მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა. ეს პოზიცია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და მათ შორის მეც სერიოზულად მაშფოთებს.

ფაქტია, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაძლიერდეს პოლიტიკური ოპოზიცია. ოპოზიციამ უნდა იპოვოს ძალა ან რწმენა და მოახდინოს თავისი რესურსების მობილიზება იმისთვის, რომ ჩაებას ხელისუფლებასთან კონკურენციაში. პოლიტიკური ოპოზიცია ახლა ფაქტობრივად ლეთარგიული ძილის მდგომარეობაშია. არ მინდა ვთქვა და იმედი მაქვს, რომ ის მიცვალებულის მდგომარეობაში არ იმყოფება, ძილის მდგომარეობაშია, რომელიც ვერა და ვერ გამოფხიზლდა. ჩვენ ამომრჩევლები ველოდებით იმას, რომ შეიქმნება რაღაც ღირსეული ალტერნატივა, რომელიც ხელისუფლებას არსებით საკითხებზე დაუწყებს ოპონირებას. ჯერჯერობით ჩვენ ასეთ აქტივობებს ვერ ვხედავთ, მაგრამ იმედი მინდა ვიქონიო. არ მინდა დავიჯერო, რომ ოპოზიციას ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ თუ ძალიან ობიექტურად ვიმსჯელებთ, ასეთი ნიშნები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩანს“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.