გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბერლინი შეეცდება, კიევს „მარდერის“ ტანკები წლის პირველ ნახევარში გადასცეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, რომ ბერლინი შეეცდება, კიევს დაპირებული „მარდერის“ ტანკები წლის პირველ ნახევარში გადასცეს.

„ვიზრუნებთ, რომ წლის პირველ ნახევარში უკრაინას „მარდერის“ ტანკები გადაეცეს და გადაამზადოს უკრაინელი ჯარისკაცები, რათა ტექნიკის გამოყენება შეძლონ. ვცდილობთ, მოვერგოთ დროს, რომელშიც ასეთი გამოწვევების წინაშე ვცხოვრობთ. სწორედ ამას ვაკეთებთ ამ დროის განმავლობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სხვადასხვა სისტემით, არტილერიით, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება „ლეოპარდებს“, ლამბრეხტის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას გადაწვეტილება ჯერ არ მიუღია.

მინისტრის თქმით, გერმანია არ აპირებს ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმას კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით.