უყრაინის შეიარაღებულ ძალებში უარყოფენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სოლედარის დაკავების შესახებ და აღნიშნავენ, რომ ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს. ამის შესახებ უყრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
„ბრძოლები თავად ქალაქში მიმდინარეობს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული ძალები გავიდნენ სოლედარიდან, სინამდვილეს არ შეესაბამება. იქ ბრძოლები მიმდინარეობს. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გავასაჯაროვოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური მდგომარეობა. ჩვენს ძალებს მოწინააღმდეგის ძალები აღემატება, რადგან მათ ამ მიმართულებაზე ძალების მაქსიმუმი გადაისროლეს. თუმცა ჩვენი მეომრები ამ დრომდე იბრძვიან თავად ქალაქში“, – განაცხადა ჩერევატიმ.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოლედრაზე სრული კონტროლი 12 იანვრის საღამოდან დაამყარა.
ამასთან, ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ბოლო მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ ქალაქ სოლედარის დიდ ნაწილს და, შესაძლოა, მთელ ტერიტორიასაც.