პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მისცეს საშუალება მიხეილ სააკაშვილს, გაიაროს აუცილებელი მკურნალობა.
რეზოლუციის პროექტი სეიმის პრეზიდიუმმა წარადგინა და სხდომაზე სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ წაიკითხა. რეზოლუციას ხმა მისცა 438-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი რვა კანონმდებელი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ არსებობს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დრამატული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის სამედიცინო დიაგნოზები, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას ადასტურებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, ექიმის რეკომენდაციით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება დაუყოვნებლივი სპეციალიზებული მკურნალობა, რაც შეუძლებელია საქართველოში შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო.
პოლონელი პოლიიტკოსები აღნიშნავენ მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან წვლილს ქართველების პროევროპული განწყობების ფორმირებაში, რისი შედეგიც გახდა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა.
ასევე, როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, სააკაშვილი აცხადებს, რომ მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მზად არის, დაბრუნდეს ქვეყანაში და წარდგეს სასამართლოს წინაშე.
„პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უმაღლესი ღირებულებაა და მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მეგობართა საერთაშორისო თანამეგობრობას სოლიდარობისკენ და მტკიცე ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.