სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ჭიათურაში ერთი პირი დააკავეს

დაკავებულს სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, პოლიციამ „ქურდულ შეკრებაში” მონაწილე კიდევ ორი პირი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ჭიათურაში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

52 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში თანხის გამოძალვის საქმის ფარგლებში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მარტში ე.წ. „ქურდული სხოდკის” შემდეგ, რომელშიც ორი მსჯავრდებული მონაწილეობდა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის „ქურდული სამყაროსთვის” გადახდა დაეკისრა.

საქმის კიდევ ორი მონაწილე მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 223-ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერას იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია “ქურდული სამყაროს” საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს ,,ქურდული სამყაროს” საქმიანობის განხორციელებას. დაკავებულს სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

 

 

“sputnik-georgia”