საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები განიხილეს.
მისივე თქმით, ევროკავშირის საელჩო პროცესში საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შედეგი პოზიტიური იქნება.
„დღეს ძალიან დატვირთული დღე მქონდა საქართველოს პარლამენტში. ვეწვიე საპარლამენტო კომიტეტების რამდენიმე თავმჯდომარეს, თუმცა შევხვდები ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრა დავიწყეთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საგარეო საქმეთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ე.წ. 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე. განვიხილეთ საქართველოს დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და პრინციპებთან, რადგან ამ წლის მიწურულს ჯერ ევროკომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს მიღწეულ პროგრესს და გადავწყვეტთ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებით, გახდეს ევროკავშირის წევრი.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესში თქვენს დასახმარებლად. ვიმედოვნებთ პოზიტიურ შედეგს ამ წლის ბოლოს. პოზიტიური შედეგი ნიშნავს, მომდევნო ნაბიჯს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისკენ, კერძოდ, კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არა მხოლოდ თითებგადაჯვარედინებული ვიცდით, ასევე მზად ვართ, დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე პარლამენტს მიმდინარე სამუშაოებში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.