საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 13 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 146-ია, საიდანაც 112 ანაზღაურებადია, ხოლო 34 – ანაზღაურების გარეშე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი 2022 წლის ივნისშიც გამოცხადდა და 30-მდე წარმატებული სტაჟიორი უკვე დასაქმდა სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში.
სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადით.
სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, ან/და ჯერ კიდევ სტუდენტია (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია).
წარმატებულ სტაჟიორებს გაუგრძელდებათ სტაჟირების ხელშეკრულება ან დასაქმდებიან სამინისტროს სისტემაში.
კონკურსის ფარგლებში, სამინისტროს აპარატში ცხადდება 10 ანაზღაურებადი ვაკანსია, ხოლო სამინისტროს ორგანიზაციებში ჯამურად 112 ანაზღაურებადი ვაკანსია, ანაზღაურების გარეშე კი – 34. კერძოდ:
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ცხადდება 10 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ურთიერთობები, შიდა აუდიტი, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ცხადდება 25 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: არქიტექტორი, რესტავრატორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, კედლის მხატვრობის სპეციალისტი, კონსტრუქტორი, იურისტი, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შესყიდვები.
3. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოში ცხადდება ხუთი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა, ადამიანური რესურსების მართვა, სახელმწიფო შესყიდვები, იურიდიული.
4. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 62 ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნებათმცოდნე, რესტავრატორი, არქეოლოგი, არქიტექტორი, ეთნოგრაფი, სხვადასხვაენოვანი გიდი, ექსპონატების შემგროვებელი, იურისტი, ექსპოზიციონერი, მარკეტოლოგი, საქმისწარმოება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვა.
5. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმებსა და მის მუზეუმთა ჯგუფებში ცხადდება ექვსი არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ეთნოლოგი, სხვადასხვაენოვანი გიდი, პიარი, ორგანიზატორი, ფონდების კურატორის/ფონდის მცველის ასისტენტი.
6. სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმში ცხადდება სამი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: არქივარიუსი ხელნაწერთა ფონდში, არქივარიუსი აფიშების ფონდში, არქივარიუსი ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ფონდში.
7. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ მუზეუმში ცხადდება ოთხი ანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: გამოფენის მეთვალყურე, ექსკურსიამძღოლი, კანცელარიის უფროსის თანაშემწე.
8. სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ მუზეუმში ცხადდება ექვსი არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: გამოფენის მეთვალყურე, ექსკურსიამძღოლი, ფონდის მცველის ასისტენტი.
9. სსიპ ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ცხადდება ხუთი არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნებათმცოდნე, სხვადასხვა ენოვანი გიდი.
10. სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ცხადდება ორი არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ფონდების მცველი, ექსკურსიამძღოლი.
11. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება ხუთი არაანაზღაურებადი ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით: ინგლისურენოვანი გიდი, რუსულენოვანი გიდი.
12. სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში „რუსთავი“ ცხადდება 10 არაანაზღაურებადი ვაკანსია მოცეკვავე-მსახიობის მიმართულებით.
13. სსიპ ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება ერთი ვაკანსია გამნათებლის მიმართულებით.
14. სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში ცხადდება სამი არაანაზღაურებადი ვაკანსია მსახიობის მიმართულებით.
15. სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცხადდება ორი ვაკანსია: პიარის მიმართულებით; საქმისწარმოებისა და HR-ის მიმართულებით.
ანაზღაურებად, ისევე როგორც ანაზღაურების გარეშე პოზიციებზე, კანდიდატები შემდეგი საკონკურსო ეტაპების გავლის შედეგად შეირჩევიან: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება ან/და წერითი დავალება, გასაუბრება.
კონკურსანტები შედეგების შესახებ ინფორმაციას თითოეული საკონკურსო საფეხურის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოზიციაზე ერთდროულად არის გამოცხადებული კონკურსი ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟირებაზე მისაღებად, ანაზღაურებად სტაჟირებაზე წარდგენილი იქნებიან საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები, ხოლო მომდევნო საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები წარდგენილი იქნებიან არაანაზღაურებად სტაჟირებაზე.
ამასთან, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე მყოფი პირის შეფასების (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით მისი გადაყვანა შეიძლება ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში, სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
სტაჟიორთა კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. ამ მიზნით, კულტურის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნიან დამოუკიდებელ სამუშაო გარემოსა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისთვის საჭირო პირობებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 18 იანვრიდან ელექტრონულად სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში.