შს მინისტრი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მან, პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვისას, განვითარებულ მოვლენებსა და მის მიერ გაცემული ბრძანებების შესახებ ისაუბრა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მან ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას, მათ შორის ის, თუ ვისი ნებართვით დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია. რაც შეეხება სროლის ეპიზოდს, შს მინისტრის თქმით, ცეცხლის გახსნაზე სპეცრაზმელს ბრძანება არ სჭირდება და ის თავად აფასებს საჭიროებას, გაისროლოს თუ არა მოცემულ მომენტში.

„როცა ოპერაციაზე შედის სპეციალური დანიშნულების რაზმი, მე თავად ვიყავი ასეთი რაზმის წევრი 8 წლის განმავლობაში, იქ მე ვწყვეტ უნდა ვისროლო თუ არა. ამას არ ეკითხებიან – ბატონო მინისტრო ან მეთაურო, შეიძლება ახლა ცეცხლი გავხსნა თუ არა?! იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი. მოხდა თუ არა გადაცდომა, ეს უნდა გვითხრას პროკურატურამ და სასამართლომ. მე ვერ შევაფასებ იყო თუ არა გადაცდომა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე რამდენიმე თვის წინ დაიკითხნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა.