სამხრეთ კაროლინას შტატის სამედიცინო უნივერსიტეტი ბავშვების ტრანსგენდერული იდენტიფიკაციის დადასტურების წახალისების მიზნით ექიმებს სპეციალურ სწავლებას უტარებს.
სამხრეთ კაროლინას შტატის სამედიცინო უნივერსიტეტის (MUSC) მიერ ფენვეის ინსტიტუტთან პარტნიორობით შექმნილი სატრეინინგო ვიდეო ექიმებს მცირეწლოვანი ბავშვების ტრანსგენდერული იდენტიფიკაციის დადასტურებისკენ მოუწოდებს.
სამხრეთ კაროლინას შტატის სამედიცინო უნივერსიტეტმა (MUSC) ექიმებს სპეციალური სწავლების კურსი ჩაუტარა, რაც არასრულწლოვნების ტრანსგენდერული იდენტიფიკაციის ხელახლა დადასტურებას ითვალისწინებს, იტყობინება Breitbart News-ი სატრეინინგო ვიდეოს განხილვის საფუძველზე.
ვიდეოში, სახელწოდებით, „მშობელთან და ბავშვთან გენდერული იდენტობის შესახებ საუბარი“, ექიმი მცირეწლოვან ბიჭუნას ეკითხება მის სქესს. შეკითხვა ასე ჟღერს: „შეგიძლია მითხრა, თავს გოგონად გრძნობ თუ ბიჭუნად, თუ ორივეს ერთად ან არცერთად?“ ამ დროს საუბარში ერთვება ბავშვის მამა, რომელიც ექიმს ეუბნება, თუ როგორ მივიდა მათი ოჯახი ამ თემის განხილვამდე. მშობელმა ასევე, დასძინა, „არ ვიცი.. ვფიქრობ, მას ისეთი უნდა რომ იყოს, როგორიც მისი უფროსი დაა“.
ექიმი მშობელთან საუბარს თავს არიდებს და ბავშვს კვლავ დაჟინებით უმეორებს შეკითხვას, რის შემდეგაც ბიჭუნა პასუხობს, რომ ის არის გოგონა. ექიმი კვლავ არ ეშვება პატარას და შეკითხვების დასმას განაგრძობს: „რამდენი ხანია რაც იცი, რომ გოგონა ხარ?“ და უბიძგებს ბავშვს, რომ თქვას, „ზუსტად არ ვიცი, თუმცა, საკმაო ხანია“.
„ამდენად, როცა გესაუბრებით, როგორ გინდა რომ მოგმართოთ, ბიჭის თუ გოგოს ნაცვალსახელებით?“ – კვლავ შეკითხვას უსვამს ექიმი, სანამ ბიჭუნას არ ათქმევინებს, რომ მას სურს გოგონას ნაცვალსახელებით მიმართონ. ამის შემდეგ ექიმი უბრალოდ მადლობას უხდის თანამოსაუბრე ბავშვს, ვიდეო სრულდება და ეკრანზე სამედიცინო უნივერსიტეტის – MUSC-ის – ლოგო ჩნდება.
შეგახსენებთ, რომ MUSC-მა ახლახანს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც ტრანსგენდერებად იდენტიფიცირდებიან, ჰორმონალური მკურნალობის შეთავაზება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კაროლინას თავისუფლების ჯგუფმა დაიწყო კანონპროექტის წარდგენისთვის მზადება, რაც ბავშვების სქესის შეცვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნული კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჯანდაცვის მუშაკებს ინტენსიურ სწავლებას უტარებენ, რათა მათ არასრულწლოვნებს შორის ტრანსგენდერული იდენტიფიკაცია წაახალისონ. Breitbart News-ი იტყობინება, რომ ჯანდაცვის სატრეინინგო მოდულის თანახმად, პედიატრებს ევალებათ, რომ სამი წლის ბავშვებს მათი გენდერული იდენტობის შესახებ შეკითხვა დაუსვან.
წყარო: itv.ge