ვინ არის დამნაშავე, ამ შეკითხვაზე პასუხს მეც ველოდები, – ასე უპასუხა კომპანია „გრინსერვის პლუსის” მეწილემ კობა ხარშილაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ არის დამნაშავე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებულთა სხდომას ესწრებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დადგა ტრაგიკული და გამოუსწორებელი შედეგი. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბრალდება სხვა მაღალი თანამდებობის პირებამდეც მივიდეს, ხარშილაძე პასუხობს: “არ მგონია”.
ადამიანები 4 თვის განმავლობაში ციხეში არიან და დღემდე არ არის დადგენილი, რეალურად რა ტიპის გადაცდომაზე ან შეცდომაზე იყო საუბარი. სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, მაგრამ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. [შადრევანი ტრაგედიამდე] რა თქმა უნდა, სწორდებოდა, კეთდებოდა, სატესტო რეჟიმში მუშაობდა. პროექტის ბრძანება ასეთი არავის გაუცია, შეიცვალა პროექტი, შეთანხმდა დადგენილი წესით”, – განაცხადა ხარშილაძემ და აღნიშნა, რომ სამუშაოები პროექტის მიხედვით ჩატარდა.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას ტრაგედიის შემდგომ კომპანია „გრინსერვის პლუსის” მხრიდან ტენდერებში კვლავ მონაწილეობის შესახებ.
„რა თქმა უნდა, ემოციები იყო, განცდები ყველას ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, ერთმანეთის მიმართ, „გრინსერვისის” თანამშრომლებს, როგორც უფლებები ისე ვალდებულებები გვაქვს. ვალდებულებები გვაქვს ადამიანებთან, რომლებთანაც 15 წელია ვთანამშრომლობთ. ამიტომ, არცერთ ადამიანს თავის ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს. ამ ადამიანები უკან დგანან ოჯახები”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.