მსროლელი – საქართველოს მთავრობა. რატომ, განა მთავრობას არ აწყობს ტურიზმის აღორძინება? – იკითხავს ბევრი. რასაკვირველია, ტურიზმის აღორძინება მთავრობის ინტერესებშია, იმ მთავრობისა, რომელიც წლების მანძილზე ფსონს სწორედ ტურიზმზე დებდა, მაგრამ საქმე უფრო რთულად არის.
დავიწყოთ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ჩვენთვის საგანგაშო სტატისტიკითა და პროგნოზებით: მსოფლიო ბანკის დასკვნით, კავკასიის რეგიონში ყველაზე უფრო მეტად საქართველო დაზარალდა! კერძოდ, საერთაშორისო სპეციალისტების მიერ გაკეთებული გათვლებით, საქართველო 2021 წელსაც ვერ აღიდგენს 2019 წლის ეკონომიკის დონეს, აზერბაიჯანი და სომხეთი კი მცირე, მაგრამ მაინც დადებით შედეგს აჩვენებენ. საქართველოს ეკონომიკის მოცულობა ძალიან დიდი ტემპებით მცირდება – ივნისის თვეში საქართველოს მშპ 4.8%-ით შემცირდა მაშინ, როდესაც სომხეთის 2,8%-ით, აზერბაიჯანის კი მხოლოდ 2,6%-ით. საქართველომ წელს 1 მილიარდი დოლარის ცოცხალი შემოსავალი უკვე დაკარგა და, უკეთეს შემთხვევაში, კიდევ 1 მილიარდს დაკარგავს წლის ბოლომდე. ეს ერთი წლის ბიუჯეტის დაახლოებით 2/3-ია. მშპ-ს წლიურ ვარდნაში საქართველო სავალალო ლიდერი იქნება 9 პროცენტით (სომხეთი -8%, აზერბაიჯანი მხოლოდ -5%).
აი ასეთი საგანგაშო ციფრები გვაქვს, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე, ამ დროს კი მთავრობა ნიღბების გაკეთების დავალდებულებით და სხვა “იმნაძობებით” არის დაკავებული.
ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, ვერ დავაბრალებთ, რომ ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზე იგი არ ზრუნავდა, თუმცა მისი პოზიცია რადიკალურად არის შეცვლილი წინასაარჩევნო პერიოდში. თურნავამ გუშინ გამოაცხადა, რომ ტურიზმის აღდგენა მას შეუძლებლად ესახება. აი რა თქვა მინისტრმა სიტყვასიტყვით:
“ამ ორი-სამი კვირის მასობრივი გახსნის ფასი შეიძლება ეპიდემიოლოგიური ვითარების ისეთი გაუარესება იყოს, როგორიც მოხდა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ასევე ჩვენს რეგიონში, მაგალითად ყაზახეთში, რომელიც იძულებული გახდა, ისევ სრული ჩაკეტვისკენ წასულიყო. ამას ჩვენ ვერ გადავიტანთ. ვერც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია და ვერც ერთი სხვა ინდუსტრია. აქედან გამომდინარე, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ხედავენ ამას და მიესალმებიან ჩვენ სიფრთხილეს, რადგან ძალიან დიდი ნეგატიური შედეგი მოჰყვება იმას, რომ რომელიმე კურორტზე უცებ აფეთქდეს ეპიდსიტუაცია, ეს მომაკვდინებელი იქნება ტურიზმისთვის და თვითონაც ჩართული არიან სიფრთხილის კამპანიაში. ჩვენ ცოტას არ ვაკეთებთ ამ მიმართულებით და ისიც მცდარი წარმოდგენაა, რომ დახურულია საზღვრები. ივნის-ივლისში საშუალოდ 25 ფრენა ხორციელდება, ხოლო აგვისტოდან რეგულარულ ფრენებს აღვადგენთ რამდენიმე მიმართულებით“.
ეს განცხადება უფრო დაბნეული ქალის ლაპარაკს ჰგავს, ვიდრე ეკონომიკის მინისტრის მსჯელობას. ჯერ ის ვთქვათ, რომ ყაზახეთს საზღვრები არ გაუხსნია და არც ტურისტები შეუყვანია – ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამ ქვეყანაში სულ სხვა მიზეზებით გართულდა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზემოთ მოტანილი ციტატა თავისსავე თავში შეიცავს წინააღმდეგობებს. კერძოდ, ერთი მხრივ, მინისტრი ამბობს, რომ საზღვრების გახსნასა და ავიაფრენების აღდგენას, შეიძლება, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის “აფეთქება” მოჰყვეს, მეორე მხრივ კი გვარწმუნებს, რომ საზღვრები დახურული არ არის და საკმაო რაოდენობის ავიარეისებიც ხორციელდება. საინტერესოა ისიც, რომელი წარმომადგენელი ტურისტული ინდუსტრიიდან მიესალმება საკუთარ გაკოტრებას, არადა, სასტუმროების, ტურიზმზე ორიენტირებული უამრავი კვების ობიექტის თუ მძღოლის შემოსავალი განულებულია, საბანკო კრედიტებს კი არავინ პატიობს. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი სეგმენტი. მასობრივი გაკოტრებები ახლო მომავლის პერსპექტივაა. მთავრობა აშკარად ვარაუდობს, რომ არჩევნებამდე “მიატანს” და მერე “რამე გამოჩნდება”.
მაგრამ განვიხილოთ ეკონომიკის მინისტრის მთავარი არგუმენტი – დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების აუცილებლობა, რომელი ვითარებაც, თურმე, შეიძლება მკვეთრად გაფუჭდეს ტურისტების შემოსვლით. მინისტრის პოზიცია, რომელიც, ამავე დროს, მთელი მთავრობის კონსოლიდირებული პოზიციაა, სერიოზული დეფექტით ხასიათდება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული და, განსაკუთრებით, საკუთარი შემოსავლების გაზრდას რუსი ტურისტების ხარჯზე ახდენს (რუსი ტურისტები, მოგვეხსენება, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ჟანგბადივით მნიშვნელოვანია), მიიღეს შუალედური გადაწყვეტილება, რომ ტურისტული სეზონი არ ჩააგდონ და არც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდეს. აი რა მარტივი და თან ეფექტური გადაწყვეტილება მიიღეს ისეთმა ძლიერმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე:
ამ ქვეყნებში რუს ტურისტებს ელიან იმ პირობით, რომ სამშობლოდან გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის მოქალაქე თავის სამშობლოში, პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში “კოვიდ 19”-ზე ტესტირებას ჩაიტარებს და დანიშნულების ქვეყანაში ამ ვირუსის არქონაზე ცნობას წარადგენს. ეს ძალიან მარტივი და გონივრული გადაწყვეტილებაა. ახლა ვინმემ რომ თქვას, რომ ტურისტი ყალბ ცნობას წამოიღებს, თითქმის გამორიცხულია – არავის, არც ერთ კლინიკას რუსეთში და სხვაგანაც, არ აძლევს ხელს, რომ “კოვიდ 19”-ის არქონაზე სამედიცინო შემოწმების გარეშე შედგენილი ცნობები გასცეს, რადგან ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ამ კლინიკას სერიოზული სარეპუტაციო ზარალი მიადგება, შესაბამისი შედეგებით. გარდა ამისა, არც ტურისტს უღირს, რომ ფული გადაიხადოს კლინიკის პერსონალის მოსყიდვაში, რათა ყალბი ცნობა მიიღოს და კორონავირუსით დაავადებული გაემგზავროს დასასვენებლად. უკვე ცნობილია, რომ ამ გზით მიდიან სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, რუსეთიც, საქართველო კი ამას რატომღაც ვერ მოიაზრებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის პოზიცია გაუგებარ პანიკიორობად მიგვაჩნია, თუმცა, ამ პანიკიორობის მიღმა წინასაარჩევნო გათვლებიც არის მოცემული, რაც ზემოთ ნაწილობრივ აღვნიშნეთ კიდეც.
როგორც ჩანს, მთავრობა მთლიანად საერთაშორისო დაკრედიტებისა და დახმარებების იმედად რჩება, მას ასე მუქთად შემოსული ფულით სოციალური პრობლემების დროებითი კონსერვაცია ურჩევნია, ვიდრე ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა, რადგან მთავრობას საკუთარი ძალების და კომეპტენტურების არ სჯერა; არ სჯერა, რომ გაუმკლავდება მართლაც ობიექტურად რთულ ამოცანას – ამოქაჩოს კორონაფსიქოზით გამოწვეული ეკონომიკის კატასტროფილი მდგომარეობა, განსაკუთრებით, არჩევნების წინა პერიოდში.
მაგრამ ეს ძალიან არასწორი და საშიში პოზიციაა, რომელიც აუცილებლად ცუდად შემოუბრუნდება მთავრობასაც და ქვეყანასაც.
გულბაათ რცხილაძე