აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დრომ გამოცადა, სანდოობა უმაღლეს დონეზეა, ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტები და მომავალშიც გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან.
შეხვედრის მოდერატორმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
„რომ წარმოვიდგინოთ, აი, მაგალითად გზატკეცილები, რომელიც ვახსენეთ და რკინიგზა. ამ ეტაპზე რკინიგზის წარმადობა არის 25 მლნ ტონა წელიწადში. ჩვენ მოდერნიზებას ვახორციელებთ ამ ეტაპზე რკინიგზის. 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და 48 მლნ ტონა იქნება წარმადობა იმ ეტაპისთვის. ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და მზად იქნება 2024 წელს ეს პროექტიც. 25 მლნ ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სტრატეგიულად. ასევე, აქვე მინდა, ვახსენო ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტები ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.