ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენის გამოსაცხადებლად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.
საქმეზე მსჯავრდებულმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ ბოლო, დასკვნით სხდომაზე განაცხადა, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და უკომპრომისო. მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე გაგრძელდება.
„სამწუხაროდ, ეს საქმე არ იწარმოება მარტო ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის წინააღმდეგ. ეს საქმე არის პრეცედენტული და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ჩვენ, უკვე 4 წელია დაგვატარებს პროკურატურა სასამართლოში, სხვადასხვა ინსტანციაში ძალიან მარტივი ტრანზაქციის გამო”,-განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.