თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც თურქული მედია იუწყება, ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის აფრიკული ქვეყნებისთვის მიწოდებასა და თურქეთის გაზის ჰაბად გარდაქმნის საკითხებზე ისაუბრეს.
თავის მხრივ, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს კრემლის ვებგვერდიც. მათი ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრეზიდენტმა პუტინმა რუსულ-თურქული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, ევროპისთვის თურქეთის გავლით რუსული გაზის მიწოდებისა და თურქეთის გაზის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების თემები.
ასევე, პრეზიდენტებმა ისაუბრეს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასა და თურქეთის ინიციატივაზე ტყვეების, პირველ რიგში კი, დაჭრილების გაცვლასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს სტამბოლის 2022 წლის 22 ივლისის შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობა, შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის გატანისა და რუსული სასუქის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.
წყარო: newposts.ge