მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვას, შესაძლოა, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის შეცვლა და სამხედრო ალიანსში შესვლა მოუწიოს

რუსეთის შეჭრამ უყრაინაში სერიოზული განხილვა გამოიწვია მოლდოვაში იმის შესახებ, სჭირდება თუ არა ქვეყანას კონსტიტუციით დამტკიცებული ნეიტრალიტეტისგან თავის დაღწევა და უფრო დიდ ალიანსში შესვლა, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ დამოუკიდებლად თავის დაცვა, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ ამ მომენტამდე მივედით, მაშინ ჩვენ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა მოგვიწევს. ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის გზით“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვის მიერ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება – საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდით, ან სხვა მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით – არ შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

„მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა. მოლდოვაა არ დაუწყია ომი მეზობლების წინააღმდეგ. რუსეთის პროპაგანდამ მოახერხა, დაერწმუნებინა მოსახლეობის ნაწილი, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ არ უნდა ჩადო ინვესტიცია თავდაცვის სექტორში, რომ არაფერი უნდა გააკეთო და არ გაქვს თავდაცვის შესაძლებლობები, რაც არასწორია“, – აღნიშნა მაია სანდუმ.