ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსები ლგბტქი+ ადამიანებს ბოდიშს უხდიან და აცხადებენ, რომ მათ სამარცხვინოდ ეპყრობოდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ არ გვიყვარდით, ისე როგორც ღმერთს უყვარხართ. ეს ძალიან არასწორია. საჯაროდ და ცალსახად ვაცხადებთ, რომ ლგბტქი+ ადამიანებს მივესალმებით და ვაფასებთ. ჩვენ ყველა ღვთის შვილები ვართ. შემთხვევები, როდესაც თქვენ მტრულ და ჰომოფობიურ პასუხს იღებდით ჩვენს ეკლესიებში, სამარცხვინოა. ამის გამო სინანულს გამოვთქვამთ“, – ნათქვამია ეპისკოპოსების ღია წერილში.
ეპისკოპოსებმა ბოდიში მას შემდეგ მოიხადეს, რაც ანგლიკანურმა ეკლესიამ შეიმუშავა წინადადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ეკლესიაში ქორწინებაზე უარს ეტყვიან, თუმცა მღვდლებს მათი დალოცვა შეეძლებათ.
ამასთან, კენტერბერის არქიეპისკოპოსი აცხადებს, რომ „ეკლესია ამ საკითხზე ჯერ კიდევ ძალიან დაყოფილია“.
„დარწმუნებული ვარ, დისკუსია გაგრძელდება. ეს გრძელი გზაა და დარწმუნებული ვარ, ბოლო სიტყვა ჯერ არ არის ნათქვამი“, – განაცხადა კენტერბერის ეპისკოპოსმა.