გელა ზედელაშვილი: ეგეთი იკლიკანტური ქალი თუ მენახოს, მე ვიყო ,,ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 „ეგეთი იკლიკანტური ქალი თუ მენახოს, მე ვიყო ,,ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე!

კელი დეგნანი: ,,ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან”.

 ჰო, ქალო, ძალიანაც გვირჩევნია, რუსეთმა ხვალვე რომ გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, მაგრამ რომ არ გაჰყავს?

 1993 წლიდან დღემდე გიყურებთ, როგორი შეშფოთებულები ხართ, როგორ იღებთ წყალწყალა რეზოლუციებს და როგორ გვაიმედებთ, როგორ უჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

 მერე?

 არც არაფერი… 1993 წლის შემდეგ 30 წელიწადი გავიდა!

 ეს ის დროა, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს… ეს ის დროა, რომლის მდინარებაშიც, სულ მცირე, ორი თაობა მაინც წავიდა და ასევე ორი თაობა მოვიდა. იმ ორმა თაობამ სული ოცნებებში დალია, ამ ორმა თაობამ კიდევ მხოლოდ გადმოცემით იცის, რა იყო და რა მოხდა.

 თქვენ ის ხალხი ხართ, ჯაბა იოსელიანს რომ დაატარებდით ჟენევაში და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ალაპარაკებდით!

თქვენ ის ხალხი ხართ, ტელევიზორში რომ მოგვიწოდებდით, რუსებთან მოილაპარაკეთ, პრობლემა არ არიო და… თუ ჩვენები გაბედავდნენ მოლაპარაკებას, მათ თავზე წისქვილის ქვას ატრიალებდით!

 აი, ასე ვაი-ვიშით და ცრუ დაპირებებით მოვედით დღემდე!

 მოვედით და მივხვდით, რომ ვიღაცის (თუნდაც ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის) კარნახით არ უნდა ვმართოთ ქვეყანა, ამ მიწა-წყლისა ჩვენზე უკეთესად არავის გაეგება.

 საბედნიეროდ, იმასაც მივხვდით, რა დაგვიპირეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. რა დაგვიპირეთ და… იმავე ჯოჯოხეთში გახვევა, 2008-ში რომ გაგვხვიეთ და სამაგიეროდ წყლით დატვირთული კრეისერი გამოგვიგზავნეთ.

 ახლა იძახიან, იქ მარტო წყალი არ იყოო… ჰა, ჰა, ჰა, მარტო წყალი იყო და პამპერსები კიდევ.

 ფაქტია, ქალო, 2008-ში მასხრად აგვიგდეთ და ახლაც იმავეს გვიპირებდით.

 რომ ვერაფერი გააწყეთ, რომ ვერაფერი ,,შეგვაგნებინეთ”, თქვენს ხოშზე რომ ვერ მოგვაქციეთ, ბიძინა ივანიშვილს გადაეკიდეთ, პირადად მიხვედი მასთან, რათა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დაწიოკებაზე დაგეთანხმებინათ. ვერ დაითანხმეთ, ამ მხრივ თითი ვერ გაატოკებინეთ და ბანკებში პრობლემები შეუქმენით. თან ისე შეუქმენით, შვეიცარიის ერთ-ერთი წამყვანი ბანკიც გააბანკროტეთ.

 მაინც არაფერი გამოგივიდათ, მაინც ვერ მიაღწიეთ საწადელს და ახლა, როცა ფრენების აღდგენის საკითხი დადგა, ისტერიკაში ჩავარდით.

 არადა, ყველამ ვიცით, ეს არც კურსის შეცვლას ნიშნავს, არც რუსეთის გუბერნიად გადაქცევას, ეს უბრალოდ შვებას მოუტანს მილიონ ქართველს, რუსეთში რომ ცხოვრობს და საქმიანობს.

 არ გინდათ ამის დანახვა?

 ნუ გინდათ, მაინც ფაქტია, მაინც რეალობაა, ვერსად გაექცევით!

 და კიდევ ერთი რამეა რეალობა… გინდათ, არ გინდათ, ვინმეს უნდა, არ უნდა, ჩვენ გვინდა, არ გვინდა, ბედმა ასე გვარგუნა – რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და რაკი არის, როგორმე მასთან ურთიერთობის გასაღებიც უნდა მოვძებნოთ.

 დიახ, ის არასანდო მეზობელია, მაგრამ დღეს თუ ხვალ მაინც მოგვიწევს რაღაც საკითხებთან შეგუება.

 გვაცალეთ, ქალო, ცოტახანს გვაცალეთ, ეგებ საკუთარ სვე-ბედს უკეთესად მივხედოთ და წარვუძღვეთ?

 ბოლო-ბოლო, აღარ ბრუნდებით სახლში? რა გინდათ, რას გადაგვეკიდეთ, რას გვიყეფთ წამდაუწუმ და ცხოვრების თქვენებურ წესებს გვინერგავთ?

 არ ვუხვევთ არსად, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ გადავუხვევთ, რადგან ჩვენ თვითონ ვართ შეგნებითა და მოწოდებებით ევროპიელები.

 ჰი, ჰი, ჰი… ზეზვას და მზიას იცნობთ, ქალო?!” – წერს გელა ზედელაშვილი.