ლაბორატორიაში შემოწმებული 40 დასახელების რძის პროდუქტიდან 6-ში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „მომხმარებელი ჯი“ ავრცელებს.
„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების რძის პროდუქტი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შესამოწმებლად. 6 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.
შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ 2020 წლის იანვარში და 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული შემოწმებების შედეგად მცენარეული ცხიმები აღმოვაჩინეთ.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია.
რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმარებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.
ჩვენი მცირე კვლევების შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო.“ – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია იმ რძის პროდუქტების ჩამონათვალსაც ავრცელებს სადაც მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.
“პრაიმტაიმი”