თურქეთმა შვედეთსა და ფინეთთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გააუქმა. თურქული მედიის ცნობით, სამი ქვეყნის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები, რომელიც ბრიუსელში თებერვალში უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვედეთი არ უნდა ელოდოს ანკარასგან ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მხარდაჭერას.
თურქეთის უკმაყოფილება გამოიწვია უქმე დღეებში სტოკჰოლმში გამართულმა ანტითურქულმა აქციებმა, რა დროსაც ყურანი დაწვეს. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ეს აქცია დაგმო.
სტოკჰოლმში განაცხადეს, რომ თურქეთთან ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე დიალოგის აღდგენა სურთ. ფინეთში კი თქვეს, რომ ანკარასთან მოლაპარაკებებში ტაიმაუტის აღებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი ამ დრომდე მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ აქვთ რატიფიცირებული.