ადამ კინზინგერი, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობა კონგრესში, დღეს აბრალებს საქართველოს რუსეთთან გვერდში დგომას, ეს არის სწორედ ანტიამერიკული განცხადება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.
მაჭარაშვილმა უპასუხა წამყვანის კითხვას, ხომ არ უწყობს ხელს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებები ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანიის გაღვივებას, რაზეც ხშირად მიუთითებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, თუკი რამე ანტიამერიკული განცხადება გაკეთებულა დღეს და გუშინ, ეს იყო სწორედ ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადება.
„რაც შეეხება ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს, ამის ერთი მაგალითიც ვერ მოიყვანეს. მაგალითად, დღესაც ჟურნალისტებს პირდაპირ ვკითხე, ერთი მაგალითი მომიყვანეთ, სადაც „ხალხის ძალამ“ ვთქვით ანტიდასავლური ან ანტიამერიკული წინადადება. თქვენ ხომ თქვით, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას საქართველოშიო. ჩვენ კი არ ვთქვით, უბრალოდ ვამბობთ, რომ თქვეს არესტოვიჩმა, ამერიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ასე შემდეგ. ხალხს ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს არის ზუსტად ის, რასაც ვაფრთხილებთ, რომ არ უნდა მოხდეს. ვამბობთ, რომ გვინდა ნორმალური ურთიერთობა. თუკი რამე ანტიამერიკული განცხადებაა, დღეს თუ გუშინ იყო ყოფილი კონგრესმენის, კინზინგერის განცხადება. ადამიანის, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში იყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და ეს ადამიანი დღეს რუსეთთან გვერდში დგომასა და რუსეთთან სიყვარულში საქართველოს ადანაშაულებს, რომელიც არის ოკუპირებული ქვეყანა რუსეთის მხრიდან და აქ ჯარი დგას. ეს არის სწორედ ანტიამერიკული განცხადება. ამას რომ ქართველი დაინახავს, წაიკითხავს, რომ ყოფილი კონგრესმენი, კინზინგერი, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობა კონგრესში და დღეს აბრალებს საქართველოს რუსეთთან გვერდში დგომას, როგორ გგონიათ, ეს ანტიამერიკული განცხადება არ არის?! ბუნებრივია, ქართველი იტყვის, რომ ეს რანაირი მეგობრობა და პარტნიორობაა, როცა მაბრალებ იმას, რაც არ ვარ.
როგორ შეიძლება, საქართველო დაადანაშაულო რუსეთთან გვერდში დგომაში, როდესაც ყველა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის საწინააღმდეგოდ გვაქვს ხელი მოწერილი და უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით პირველი სახელმწიფო ვართ. მე რომ ახლა ამას ვხსნი, თურმე ეს ყოფილა ანტიამერიკული და კინზინგერი რომ ამ განცხადებას აკეთებს, არ არის ანტიამერიკული და თურმე ეს ხელს უწყობს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას. ხალხი ხომ ხედავს ამას. ჩვენ სწორედ ამას ვებრძვით, რომ ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადებები არ უნდა ისმოდეს ევროკავშირიდან და აშშ-დან. დარწმუნებული ვართ, იქაც არის საზოგადოება, რომელსაც სურს ნორმალური ურთიერთობა საქართველოსთან და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „ქართული ოცნება“ აღარც კი მალავს თავის სიყვარულს რუსეთისადმი. ძალიან სამწუხაროა“.