როგორ უნდა დალაგდნენ? – მთელი სანტა-ბარბარაა, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთ პროცესებში არიან შესული, რომ რთული წარმოსადგენია „როგორ უნდა დალაგდნენ“.
„მე რომ მივედი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვანო მერაბიშვილი იყო გენერალური მდივანი და მასთან მქონდა სერიოზული უთანხმოება ძირითადად, ხედვებთან, მათ შორის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შემდეგ ვანო მერაბიშვილი დააკავეს და მასთან ურთიერთობა აღარ მქონია. მაშინ ეს საკითხები არ იდგა. მათ შორის, ახლა ვინც ლანძღავს, ისინი, მაშინ ამ ხალხთან ჩახუტებული იყო, მოკლედ მთელი სანტა-ბარბარაა.
ახლა, რაც ხდება, არაფერი მომწონს. რამენაირად რომ დალაგდნენ, არ გამიკვირდება, მაგრამ ისეთ რაღაცებში არიან შესული, რომ როგორ უნდა დალაგდნენ? პარტიის თავმჯდომარედ რომ აგირჩევენ, უნდა გააერთიანო და ეს როგორ უნდა მოახერხონ ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.