2012 – 2013 წლებში ქართულ ოცნებაში ფესვებგადგმულმა, “კოლექტიურმა ბერძენიშვილ-ხიდაშელებმა”, ქართველ ერს კ ო ჰ ა ბ ი ტ ა ც ი ა თავს მოგვახვიეს და მმართველმა გუნდმა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომლის შესრულებითაც ქართული პოლიტიკური ველი სრულიად უნდა გაჯანსაღებულიყო, შეუსრულებელი დატოვა… რეჟიმის დამნაშავეები, რომლებიც ჩირგვებში იმალებოდნენ, მალევე მზის შუქს ქვეშ გამოეფინენ და მორალის კითხვა დაიწყეს!
ამას ნამდვილად არავინ მოელოდა!
პროკურატურამ მძიმე დანაშაულები, მათ შორის, სამშობლოს ღალატის მსგავსი სიმძიმის, ფაქტებით გაჯერებული საქმეები თაროებზე შემოაწყო და მტვერს მისცა შესაჭმელად… მართალია, ციხეში ჩასვეს მერაბიშვილი და ახალაია, მაგრამ მათი სასჯელის სიმძიმე არადამაჯერებელია და შეუსაბამო იმ დეკლარირებულ მიზნებთან, რომლებიც ახალ ხელისუფლებას ჰქონდა გაჟღერებული. ადეიშვილი და კეზერაშვილი საერთოდ ვერ დაიჭირეს, ისინი დღესაც განაგრძობენ ქართულ პოლიტიკაში თავიანთი ბინძური ხელების ფათურს; სააკაშვილი თავად რომ არ გაგიჟებულიყო საბოლოოდ და კონტეინერში დამალულს, თავი რომ არ ამოეყო შუაგულ საქართველოში, ასევე თავისუფალი იქნებოდა დღეს (თუმცა მის პრივილეგირებულ მდგომარეობას პატიმრობასაც ძნელად თუ ვუწოდებთ).
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ასეთი უკბილობა შეფასდა, როგორც “კოლექტიური დასავლეთის მიერ ზეწოლის შედეგი”, რომელსაც თურმე ვერ გავექცეოდით…
საკითხი იმგვარად შეიფუთა, რომ “ქართული ოცნებას”, რომელმაც რეალურად გადაგვაგდო, პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, წამებულის მანტიის მორგების საშუალება მიეცა. “კოლექტიური დასავლეთი” კი ხელშეუხებელ კერპად წარმოჩნდა, რომლის ზეწოლასაც ვგმობდით, მაგრამ ვერაფერს ვაკლებდით და მისი გავლენიდან დღემდე ვერ გამოვსულვართ.
მართალია, დღეს სხვა ვითარებაა, ვიდრე უწინ. სულ ორი-სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ დასავლელ დირექტორებს ვინმე სიტყვას შეუბრუნებდა და ვრცელ წერილებსაც მიუძღვნიდა… თუმცა, რაც დრო გადის, უფრო მეტად ხდება ცხადი, რომ ადგილი გვაქვს პოლიტიკურ ფანდთან, ისევ და ისევ ხალხის მოტყუებასთან და არა პოლიტიკის ძირეულ ცვლილებასთან, ქვეყნის სუვერენიტეტის ახალ ხარისხში აყვანასთან.
ჯალათებისგან წამებულმა ხალხმა თითქოს ხელი ჩაიქნია და პროკურატურის თაროებზე შემოწყობილი საქმეები მიივიწყა…
დადგა 2022 – წელი, როდესაც ამავე ხალხმა აღმოაჩინა, რომ თურმე პრინციპულად შესაძლებელია, თუკი მოვინდომებთ, დასავლელ დირექტორებს ალიყური ვუთავაზოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და თითიც კი მათზე მაღლა დავუქნიოთ…
თურმე შეძლებულა ყველაფერი, შეძლებულა არ გვევლო მათ ხუშტურებზე და ეს ალიყური თავის დროზეც გვეთავაზებინა და ხმამაღლა გვეთქვა: ქართული კანონმდებლობა თქვენზე მაღლა დგას და დაუსჯელს არავის დავტოვებთო…
კ ი თ ხ ვ ა – რატომ არ გააკეთეთ ეს ?
ამით, როგორც გავიგეთ, ხომ არავითარი აპოკალიფსი არ იწყება ქვეყანაში ?
კ ი თ ხ ვ ა – რატომ გვაცხოვრეთ ათი წელი ამ პოლიტიკურ “აჯაფსანდალში”, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მხოლოდ უკან დახია?!
ჩვენ შეგვეძლო, ეს პერიოდი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმოებისთვის გამოგვეყენებინა, რაც თავშივე მოგვცემდა საზოგადოებრივი აზრის იმგვარად ფორმირების საშუალებს, რომელიც შემდეგ სწორ საგარეო პოლიტიკას დაუდებდა დასაბამს.
დიახ, ჯერ სწორედ საგარეო პოლიტიკა საჭიროებს სერიოზულ გადახედვას, რათა ქვეყნის შიგნით გვეშველოს!
როგორც გავიგეთ, ეს შესაძლებელია და თან როგორ!
ირაკლი ჯანყარაშვილი