უკვე ზედაპირზეა, რომ „კრედიტ სუისის“ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არის პოლიტიკური შემადგენლით გაჟღენთილი. ახლოვდება გადაწყვეტილების მიღება და, რა თქმა უნდა, ამ თემის აქტუალიზაცია კიდევ ერთხელ მოხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ საბანკო საკითხები გათავისუფლებული იქნება პოლიტიკისგან.
„არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე. ამის ერთ-ერთი შემადგენელია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩაერთოს. იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში. ასეთი საკითხები აზიანებს საბანკო სექტორს, როცა სახეზეა პოლიტიკური მიზნები“, – განაცხადა ხუნდაძემ.
რამდენიმე უცხოურმა მედიასაშუალებამ CS Victims-ის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.