მამუკა ხაზარაძე – ბრალს რაზეც გვდებენ ნონსენსია

რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, არის სამართლებრივი აბსურდი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„სამართლებრივი აბსურდი გრძელდება. ეს არის უპრეცედენტო რამ. ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც განხილვა არ ყოფილა. პროკურატურას ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ წერილობით აქვს დადასტურებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ საკითხზე რომც ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია, წერილობით აქვთ დადასტურებული, რომ ამაზე არ გვედავებიან და არ გვედავებოდნენ, არც განგვიხილავს და არც გვიკამათია ამ საკითხზე. რაზეც ბრალს გვდებენ, აბსოლუტურად ნონსენსია. ჰკითხეთ ნებისმიერ იურისტს ან პირველი კურსის სტუდენტს, რომ ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა – პროკურატურამ. მსგავსი რამ არსად წერია, არც კონსტიტიციაში, არც ნებისმიერ კანონში, რომ მოსამართლემ ბრალი წაგიყენოს, რაზეც პროკურატურა არ გედავება. ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა გაიმეორეს თუთიყუშივით. რატომ გაიმეორეს, მგონი, ნათელია. განვმარტავ, რომ მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და ის, რომ, ოთხი წელია, ეს სასამართლო მიმდინარეობს, ჩვენ არა ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე – ფულის გათეთრება არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამ თემასთან და ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა ბრალდება მათ წინააღმდეგ არ ყოფილა.

„ერთადერთი, რაზეც გვედავებოდნენ, იყო ფულის გათეთრება, რომელიც არ ყოფილა. ეს არც პირველ და და არც მეორე ინსტანციაში არ დადასტურდა. რაც ახლა გამოიგონეს და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაადასტურეს, არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.