როდის მიაღწევენ ქართული დიასპორები სომხების და აზერბაიჯანლების ერთიანობის და პატრიოტიზმის დონეს?

ამ მცირე შენიშვნის დაწერისაკენ მოსკოვიდან მოსულმა ინფორმაციამ მიბიძგა, რომელიც სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისათვის გარკვეული პრობლემის შექმნას და სომხური დიასპორის მიერ ამ პრობლემის მოგვარებას შეეხება.

კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სავაჭრო ქსელ “ფუდ სიტის” მოსკოვისა და პოდმოსკოვიის ფილიალებში შეფერხდა სომხური ხილის საბითუმო ჩაბარების პროცესი, თითქოს, ქსელის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა სომხური წარმოშობის პროდუქციის მიღებაზე.

როგორც ჩანს, რამდენიმე ასეთ შემთხვევას ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა სავაჭრო ქსელს ოფიციალურად არ გამოუხატავს და არც დაუდასტურებია სომხურ პროდუქციაზე უარის თქმა. მეტიც, ამჟამად გარგარი და ხილის სხვა სახეობები თავისუფლად იყიდება როგორც “ფუდ სიტის” ქსელში, ისე ყველა სხვა სავაჭრო ქსელში.

მაგრამ, ამის მიუხედავად, სომხები ფხიზლად არიან: რუსეთში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი მუდმივ კავშირზე იმყოფება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პასუხს ელის კომპეტენტური ორგანოებისაგან მოსკოვში სომხური პროდუქტების მიწოდების შეფერხების ფაქტებთან დაკავშირებით, – იუწყება “ინტერფაქსი”.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხური გარგარითა და შავი ქლიავით დატვირთული ფურები არ მიიღეს მოსკოვის “ფუდ სიტის” სავაჭრო ცენტრში. მინისტრის თქმით, “ოფიციალურად ჩვენ მივიღეთ განმარტება, რომ ეს გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობამ მიიღო სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით” – დააზუსტა მინისტრის პრესმდივანმა ანა ოგანიანმა.

მოსკოვში სომხეთის ელჩმა კი სააგენტოს უთხრა, რომ “საელჩოსა და სომხური თემის ერთობლივად გატარებული ღონისძიებებით, მოხდა სომხეთიდან შემოსული ფურების გადანაწილება მოსკოვში არსებულ სხვა ბაზებზე; ასევე მოხდა საბითუმო ვაჭრობის სხვა მსხვილ ცენტრებში ვაჭრობის ორგანიზება”.

დააკვირდი, ქართველო მკითხველო, რა ხდება! ერთ მუშტად შეკრული აზერბაიჯანული დიასპორა გარკვეული პრობლემის შექმნას ცდილობს სომხური პროდუქციისთვის, რათა დაასუსტოს მოწინააღმდეგე მხარე რუსულ ბაზარზე. არანაკლებ ერთ მუშტად შეკრული სომხური დიასპორა, თავისივე სახელმწიფოს მხარდაჭერით, ერთობლივი კოორდინაციის საფუძველზე, ახერხებს იმას, რომ სომხური პროდუქტებით დატვირთულმა არც ერთმა ფურამ არ განიცადოს ზარალი და დანიშნულების ადგილზე მივიდეს.

ახლა წარმოიდგინე, ქართველო მკითხველო, დაქსაქსული ქართული დიასპორები – ნებისმიერ ქვეყანაში, არა მხოლოდ რუსეთში, და ასევე წარმოიდგინე უნიათო სახელისუფლებო ორგანოები; რომელ კოორდინაციაზე, რომელ ერთ მუშტად შეკვრაზე, რომელ გადანაწილებაზე და ოპერატიულ ქმედებებზე იქნება საუბარი?! იმასაც დააკვირდით, როგორი სანუკვარია რუსული ბაზარი ჩვენი მეზობლებისათვის, რომელთა პროდუქცია არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე ქართული მიწის ნაყოფი, ქართული ხილი და ბოსტნეული! რუსულ ბაზარს ბრძოლა სჭირდება, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ დღესაც, რომ იმ მოკრძალებული ნიშიდან, რომელიც იქ გვიკავია, საბოლოოდ გამოგვაძევონ!

საქართველოს მთავრობამ რეალურად უნდა მოკიდოს ხელი დიასპორებთან მუშაობას, შეეშვას ინტრიგებს და ხალხის პოლიტიკური ნიშნით დაყოფას! მაგრამ დიასპორების წარმომადგენლებიც უნდა გამოვიდნენ გონდაბნელებულების მდგომარეობიდან, ბევრ მათგანს მოსაცილებელი აქვს უაზროდ აკვიატებული რუსოფობია და ასევე რადიკალური სიძულვილი განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ. ეს ძირითადად, “მიშისტურ” სეგმენტს ეხება. საქართველოს სიყვარული და საქართველოს ინტერესები ყველას უნდა აერთიანებდეს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ყველა სომეხს არ უყვარს ყველა სხვა სომეხი,  არც აზერბაიჯანლებს, მაგრამ საკუთარი სამშობლოს სახელით ისინი თითქმის ყოველთვის ახერხებენ გაერთიანებას და სასიკეთო შედეგის მიღწევას.

სამწუხაროა, რომ ეს ელემენტარული რამ საოცნებო მიზნის დონეზე განიხილება საქართველოში.

 

შავლეგ მამულაშვილი