უყრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ის არ არის დაინტერესებული რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებით, ვინაიდან ის მისთვის არავინაა.
ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთში და მაშინ, როცა მოსკოვი მშვიდობას ითხოვს, ის ტყუის და ღამით რაკეტებით თავს ესხმის უყრაინას.
კითხვაზე, შეუწყობს თუ არა პუტინთან პირისპირ შეხვედრა მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას ხელს, ზელენსკიმ უპასუხა: ”ჩემთვის საინტერესო არ არის”.
„არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით, საუბრით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან „ნორმანდიულ ფორმატში“, ეს იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრამდე. ვნახე ადამიანი, რომელიც ერთს ამბობდა და შემდეგ მეორეს აკეთებდა. ვერ ვხვდები – მისი გადაწყვეტილებებია თუ ვინმე სხვისი? მერე რა, რომ შევხვდეთ, ხელი ჩამოვართვათ? არ არის საინტერესო. ვესაუბროთ? ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის ის ახლა? სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინს არ სურს მოლაპარაკებები, რადგან მას არ სურს მშვიდობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ ომს აწარმოებს. ის ფიქრობს, „კარგი, ახლა უკრაინაში არ გამოდის, მაგრამ დაველოდებით, მსოფლიო არ დარჩება ერთიანი, ისინი დაიღლებიან და მე კიდევ უფრო შორს წავალ”. უკრაინის შემდეგ იქნება შემდგომი ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. ვფიქრობ, მოვახერხებთ, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.