ისრაელის ძალების მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში რეიდის დროს მოკლულია შვიდი პალესტინელი შეიარაღებული პირი და ორი სამოქალაქო პირი. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პალესტინურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო სარდლობის ცნობით, ქალაქ ჯენინში სპეცდანიშნულების ძალები „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებული ჯგუფის წევრების დასაკავებლად გაგზავნეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ისრაელის მოქალაქეებისა და სამხედროების წინააღმდეგ მრავალი ტერორისტული აქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ისრაელის მხარის ცნობით, ისრაელის ძალებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.
ადგილობრივების ცნობით, დაღუპულ სამოქალაქო პირებს შორის არის ერთი ქალი. შეტაკება ჯენინის ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა.
პალესტინური ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა ჯენინში ჩატარებულ რეიდს „ხოცვა-ჟლეტა უწოდა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების საეჭვო დუმილის ფონზე განხორციელდა“.
გაერო-ს მედიატორი ტორ ვენესლენდი აცხადებს, რომ ისრაელისა და პალესტინურ მხარესთან აქტიურად არის ჩართული დაძაბულობის დეესკალაციისთვის, სიმშვიდის აღსადგენად და მორიგი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, ითამარ ბენ-გვირის განცხადებით, „ნებისმიერმა ტერორისტმა, რომელიც შეეცდება ჩვენს პერსონალს ავნოს, უნდა იცოდეს, რომ თავისი სისხლით აგებს პასუხს“.
პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი იანვრის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალების მიერ მოკლულია, სულ მცირე, 29 პალესტინელი შეიარაღებული და სამოქალაქო პირი.