კელი დეგნანის განცხადება სამწუხაროა. სამართლის უზენაესობის პრინციპი როგორც აშშ-ში უნდა იყოს აქტუალური, ასეთივე აქტუალობით სარგებლობს ის საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
კერძოდ, აჭარის მაუწყებლის გადაცემაში კელი დეგნანს ჰკითხეს: „თქვენ ხართ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც კანონი და დემოკრატია არის უზენაესი. რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი რომ შემოსულიყო თქვენს ქვეყანაში საზღვრის დარღვევით, როგორც შემოვიდა სააკაშვილი, იქნებოდა თუ არა ეს ქვეყნისთვის შეურაცხყოფა“. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ „ეს ჰიპოთეტური შეკითხვაა და ალბათ ამას ვერ უპასუხებს, არ უპასუხებს“.
კობახიძის თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფა სერიოზული პრობლემაა და აქედან გამომდინარე, კელი დეგნანის განცხადება ძალიან სამწუხაროა.
„სამწუხაროა. სამართლის უზენაესობა არის უზენაესი პრინციპი და როგორც აშშ-ში უნდა იყოს აქტუალური ეს პრინციპი, ბუნებრივია, ასეთივე აქტუალობით სარგებლობს ის საქართველოსთვისაც. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით როცა ხდება სამართლის უზენაესობის პრინციპის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფა, ეს არის სერიოზული პრობლემა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან სამწუხარო განცხადებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავდროულად, კობახიძემ აღნიშნა, რომ თავს შეიკავებს შეფასებისგან, რატომ არ უპასუხა ელჩმა შეკითხვას.
„გამიჭირდება ამის შეფასება, უფრო სწორად, მოვერიდები შეფასებას. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ეს არის სამწუხარო განცხადება“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.