გიგა ბოკერია – ერთადერთი გზა რეჟიმის ცვლილებაა

მოლოდინი იმისა, რომ ეს რეჟიმი გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს, არის გულუბრყვილობა – ერთადერთი გზა ამ რეჟიმის ცვლილება და შემდეგ რეფორმების გატარებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა რეალური რეფორმების გატარება.

„არაფერი არსებითად არ შეიცვლება, სანამ ეს რეჟიმი გვყავს. მოლოდინები იმისა, რომ ან საერთაშორისო წნეხის შედეგად, ან რაიმე საღი აზრის ფარგლებში ეს რეჟიმი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს, არის კარგ შემთხვევაში გულუბრყვილობა. ამ რეჟიმის ამოცანაა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და ამაში შედის ყველა მიმართულებით ნებისმიერი ფასის გადახდა ქვეყნის მომავლისთვის.

საჭიროა ამ რეჟიმის დამარცხება, თუმცა მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი და საჭიროა ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა და რეალური რეფორმების ჩატარება, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიასა და რესპუბლიკას ააშენებს. ეს არის ჩვენი საზოგადოების ამოცანა. ყველაფერი დანარჩენი, რაც რაიმე იმედებს გააჩენს, რომ რომელიმე სფეროში შეიძლება გვქონდეს პროგრესი, თავის მოტყუებაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც იგი სამართლიანად ისწრაფვის.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიმართონ ამ რეზოლუციაში გამოხატულ დანარჩენ რეკომენდაციებსა და შეშფოთებას.

ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.