ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელად ტინი კოქსის არჩევას მხარი დაუჭირა დეპუტატთა 80 პროცენტმა, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ ეთანხმება, ყველაფერს პრორუსულად ნათლავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა კითხვაზე, რომ, ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ტინი კოქსი პრორუსია.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ეს განცხადება აბსურდულია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ აქვს.
„ტინი კოქსი გახლდათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი ხელმძღვანელი. გარდა ამისა, მის არჩევას ხმა მისცა დეპუტატთა 80%-მა. აბსურდულია ეს განცხადება. „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ ეთანხმება, ყველაფერს ნათლავს რუსულად, პრორუსულად და ყველაფერს უკავშირებენ კრემლს. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ ეს არის ტიპური პროპაგანდა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდნენ. ახლა ოპოზიციიდან არის პროპაგანდა, რაც არ მოსწონთ, ყველაფერზე პრორუსულის იარლიყი მიაკრან. ეს აბსურდია, ამას საზოგადოებაც ირონიით ხვდება და არანაირი რეაქცია არ აქვს ამაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.