საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ყოველგვარი თანამშრომლობის ამოსავალია.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე.
კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძე ამბობს: „იუესაიდის“ მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არა მარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას, არამედ აქვს მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ, ეს შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შესაბამის ზომებს მიიღებს“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს.
„ყოველთვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა და ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის ამოსავალი ყოველგვარი თანამშრომლობისა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოვუწოდოთ ყველას, ვიყოთ პოლიტიკურად ნეიტრალური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„სასამართლოს აქვს ბევრად მაღალი ნდობა, ვიდრე არასამთავრობო სექტორს. სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებსაც თუ ავიღებთ და საქართველოს შევადარებთ სხვა ქვეყნებს, არ მგონია, დიდი განსხვავება იყოს. სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არის ხოლმე სხვადასხვა დამოკიდებულება, ნდობა-უნდობლობა, მათ შორის პარლამენტის მიმართაც შეიძლება იყოს, მაგრამ ის მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვს, საკმაოდ მაღალია, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.