რატი იონათამიშვილი კინზინგერის განცხადებაზე: არ წყდება მცდელობები, რომ საქართველო როგორმე ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში

ძალიან მძიმე სანახავია ადამ კინზინგერის განცხადება, იმიტომ რომ ოდესღაც ის კონგრესმენი იყო და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ის დაუპირისპირდა საკუთარ ოჯახს, საკუთარ პარტიას და ამის შემდეგ მოკვეთეს რესპუბლიკური პარტიიდან. დღეს ის CNN-ის ანალიტიკოსია და ამ განცხადების შემდეგ იმას, თუ როგორი ანალიტიკოსია, ძალიან კარგად ვხედავთ. მეორე მხრივ, დიდი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ რყევის ამ მუდმივ მცდელობებს, რომელიც არსებობს ლოკალური თუ გლობალური „ომის პარტიების“ მხრიდან. არ წყდება მცდელობები, რომ საქართველო როგორმე ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში. ჩვენ გონივრული, მოსახლეობაზე და ქვეყანაზე ორიენტირებული პოლიტიკით ვიცავთ საქართველოს არეულობისგან, უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას და სიმშვიდეს“, – აცხადებს იონათამიშვილი.