სააკაშვილმა ყველას, ვინც კონკურენციას უწევს, ალბათ მის ბრძანებებს ბოლომდე არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის, ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილსაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.
დავითულიანის თქმით, რუსეთის ხელი რომ ურევია სააკაშვილის ჩამოყვანაში, დედამისი, გიული ალასანიაც ადასტურებს გავრცელებულ ჩანაწერში, ახლა კი სააკაშვილმა იგივე ვანო მერაბიშვილზე თქვა.
„საინტერესო ინტერვიუ იყო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სააკაშვილი ინტერვიუს იწყებს და „შპიგელის“ კორესპოდენტს ეუბნება, მე ხომ ნაწამები ვარ, რა დღეში ვარ. გერმანულ გამოცემას აძლევს ამ ინტერვიუს, რაც თავისთავად სასაცილოა. ეუბნება: მე ვიყავი ნაცემი საკანში, ნაწამები, მქონდა ტვინის ანთება და შემოვიდა ხალხი. ტვინის ანთება ან მენინგიტს ნიშნავს, ან გადატანითი მნიშვნელობით თუ იგულისხმა, მაშინ ვეთანხმები. სასაცილო რამეებს ამბობს. ამავდროულად, ყველას, ვინც კონკურენციას უწევს, ალბათ მის ბრძანებებს ციხიდან ბოლომდე არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა. მათ შორის, ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილსაც, ვინაიდან იმ ფონზე, რაზეც აქამდე მინიშნებით ლაპარაკობდნენ, მაგალითად, ბაჩო ახალაიას დაჯგუფება „ნაცმოძრაობაში“ და სხვები, თქვა, რომ რუსეთის ხელია ჩემს აქ ჩამოყვანაში. ამაში რომ რუსეთის ხელი ერია, ღიად ამბობს დედამისი იმ ჩანაწერში, რუსებთან შესათანხმებელიაო და ახლა გაუკვირდა, როცა დედამისი და ბიძამისი ათანხმებდნენ? გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, უბრალოდ, მან ეს ახლა ვანოზე თქვა. ვანოზე თუ თქვა, მას ჰყავს კაცი უკრაინის ხელისუფლებაში და უშიშროებაში და მას გულისხმობს. ვანოც მართალია, მიშაც მართალია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყოველთვის მართალი, როცა ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს აყენებენ. არასდროს მართლები არ არიან, როცა ამას არ აკეთევენ“, – განაცხადა დავითულიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გუშინ გამოცემა „შპიგელში“ გამოქვეყნდა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.