“ოცნების” მხარდამჭერები კი სიცილ-ხარხარით ხვდებიან ხაბეიშვილის გამარჯვებას, მაგრამ სინამდვილეში…” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ეხმაურება:

“ენმ-ის შიდაპარტიულ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ტელევიზიით გამოსვლისას ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას მდაბიო ადამიანად მოიხსენიებენ, რადგან პოპულარული ბრენდების სამოსი არ აცვია, პერიფერიულ დასახლებაში გაიზარდა და დედამისი “სოტჩიკის” წამკითხველად მუშაობს გაზგამანაწილებელ კომპანიაში.

სიღარიბეს, პატიოსან შრომას, უბრალო ტანსაცმელს არანაირი კავშირი არ აქვს სიმდაბლესთან (ცუდი გაგებით სიმდაბლესთან). მას მდაბიო ადამიანად იმიტომ მიიჩნევენ, რომ:

1. მედიის ყურადღების მიპყრობის მიზნით პროვოკაციის მოწყობა შეუძლია.

2. არ ერიდება ადამიანების უსაფუძვლოდ, ცრუ ბრალდებების საფუძველზე უშვერი სიტყვებით ლანძღვას.

3. გუშინ, ვისაც მილიარდების ქურდად და აბსოლუტური ბოროტების მსახურად აცხადებდა, დღეს მას ქართული დემოკრატიის გუშაგს უწოდებს.

4. არ აქვს დამოუკიდებელი, თავისუფალი ნება და ყოველთვის სხვების დაქვემდებარებული პაიკი იყო.

5. არც ლექსიკურ მარაგზე, არც ლოგიკაზე, არც ქცევაზე არ ეტყობა, რომ “თხა და გიგოს” ილუსტრირებული გამოცემა უკუღმა მაინც დაუჭერია ოდესმე ხელში.

6. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არ ერიდება ბინძური მეთოდების გამოყენებას, ფარული ჩანაწერების გავრცელებას და ა.შ.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები კი სიცილ-ხარხარით ხვდებიან ხაბეიშვილის გამარჯვებას, მაგრამ სინამდვილეში სასაცილო არაფერი მომხდარა.

ენმ-ის თავმჯდომარედ ამ სუბიექტის არჩევით, სააკაშვილის უძლურების ფონზე ქართულ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის კონტროლს ხელში იღებს ცოლის აკვიატების გამო ახალგაზრდა კაცისთვის ყელის გამოჭრაზე წამსვლელი ნაძირალა და საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის გაძარცვის ხარჯზე გამდიდრებული ქორვაჭარი!

შეიძლება ეს სასარგებლო იყოს “ქოცებისთვის”, უამრავ ადამიანს კი კიდევ უფრო მეტად შეზიზღდება პოლიტიკა, სადაც უსახო, უბიოგრაფიო ბიუროკრატები და მერაბიშვილ-კეზერაშვილი მთავარი მოქმედი პირები იქნებიან. ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აეყრებათ გული დემოკრატიის მიმართ.

დღეს ორშაბათია და ბედნიერ კვირას გისურვებთ!”