ფაქტობრივად ნულია იმის შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფორმით და ამ შემადგენლობით გაზარდოს საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევას გამოეხმაურა.
„რაც გარედან ჩანს არის ის, რომ პარტიაში გაიმარჯვა ადმინისტრაციულმა რესურსმა. გაიმარჯვა იმ მხარემ, რომელმაც შეძლო მობილიზება გაეკეთებინა არჩევნებში მონაწილეებისთვის. საბოლოო ჯამში საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნებმა ან რაღაც დემოკრატიულ პროცესებს მისცა ბიძგი პარტიაში, ან გახსნა კარი ახალი ამომრჩევლის მისაზიდად, ეს რეალურად არ მომხდარა. ვფიქრობ, რომ პარტიის ძველი ძალებით, სტრუქტურებით გამაგრებულმა მხარემ მოახერხა უფრო მეტი მობილიზაცია და შესაბამისად მოიგო.
მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი ამ პროცესს, არ მიმაჩნდა, რომ მოიტანდა რამე პოზიტიურ შედეგს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ვფიქრობ, რომ ჩემი პროგნოზი დადასტურდა, რადგან მე ვერ ვხედავ სიახლეს ამ პროცესში. მე უბრალოდ ვხედავ, რომ ძველმა ძალებმა გაიმარჯვეს, მათ დაიყენეს წინ პარტიისთვის შედარებით ახალი სახე ხაბეიშვილის სახით, მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ადმინისტრაციულმა რესურსმა პარტიის შიგნით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება. მე გამოვრიცხავ, ფაქტობრივად ნულია იმის შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფორმით და ამ შემადგენლობით გაზარდოს საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა, პირიქით, ვვარაუდობ, რომ შეიძლება რაღაც ნაწილი დაკარგოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.