გახარიამ რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით გამოწვეული ზარალი დათვალა – შთამბეჭდავი ციფრი

ივლისიდან მოყოლებული, რუსეთთან საჰაერო რეისების გაუქმების გამო, ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 350 მილიონი დოლარი დააკლდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად.

“დღეს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ასცდა 2 მილიარდ დოლარს. ეს რეალური ფულია. სამეგრელოში აქედან მოდის ალბათ 3 პროცენტზე ნაკლები. იმიტომ, რომ არ არის ტურისტული პროდუქტები. ამაზე სამუშაოა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად იცის და წელს თუ ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში რაღაც მოვასწარით, გეგმა მაინც უნდა გავაკეთოთ ნორმალური, რომ მომავალ წელს ამ გეგმაზე ვიმუშაოთ. ზუგდიდში სასტუმროებია ასაშენებელი, ნოქალაქევია დროზე აღსადგენი, ბევრი ისტორიული ძეგლებია, გასაკეთებელია მარშრუტი მარტვილიდან ჩხოროწყუ-წალენჯიხა წალენჯიხა-ზუგდიდი ძალიან ბევრი ხალხი დადის დაცულ ტერიტორიებზე. ბევრი რამ არის სამეგრელოში, სადაც ტურისტი შეიძლება დავაკავოთ 5-6 დღე. გვჭირდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა ზუგდიდში და ფოთში. შემდეგ უკვე მესტია, მარტვილი. ჩხოროწყუ-წალენჯიხა უნდა განვითარდეს საოჯახო ტიპის სასტუმროებით. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით რეგიონში შემოსავალი უნდა გავაჩინოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გახარიამ.

როგორც ცნობილია, ამა წლის 8 ივლისიდან ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებით თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შეწყდა. ეს შეზღუდვა გამოიწვია გახარიას თანაპარტიელის, თამარ ჩუგოშვილის ფეისბუკ-ჩანაწერზე “ევრონაცების” მიერ აგორებული არეულობისა და რუსოფობიის ტალღამ. მთავრობამ არ დაუშვა პარლამენტის შტურმი 20 ივნისს, მაგრამ რუსოფობიის ტალღა არ შეაჩერა.