ბექა ფერაძე – 40-საათიანი სამუშაო გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია კომპანიების მიმართ შესაბამის მექანიზმებს გამოიყენებს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 40-საათიანი სამუშაო გრაფიკის კანონიერად აღსრულების მეთოდებზე ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

მისივე თქმით, შრომის ინსპექციას 40-საათიანი სამუშაო გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს: გაფრთხილების, დაჯარიმების და სამუშო პროცესის შეჩერების შესაბამისი მექანიზმები.

„ჩვენ მუდმივად საკონსულტაციო მომსახურებას ვეწევით. ეს არის შრომის ინსპექციის სამსახურის ვალდებულება. რაც შეეხება სამუშაო საათების შემცირებას, ეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრია და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ნომინირებული სამუშაო კვირა 40 საათია. საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, სწორედ ამიტომ, ნორმირებულად, დასაქმებულისთვის ჩვენ 40-საათიანი სამუშაო კვირა დავაწესეთ. იმ შემთხვევაში, თუ ზეგანაკვეთური შრომა უწევს ამა თუ იმ დასაქმებულს, ეს ზეგანაკვეთური ტარიფით ანაზღაურებული უნდა იყოს. არავინ არ უკრძალავს არც დასაქმებულს და არც დამსაქმებელს, რომ ზეგანაკვეთურად იმუშაოს. ჩვენ როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ და ევროპულ მისწრაფებებზე, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპული სტანდარტი გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას და შრომის ინსპექციაც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე.

რამდენიმე დღით კერძო სექტორთან შეხვედრა გადაიდო და მიმდინარე კვირაშია დაგეგმილია, რომ შეხვედრა შედგეს. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი შეხვედრები ბიზნეს სექტორთან გავმართოთ. კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ პრაქტიკაში როგორ უნდა მოხდეს ამ ნორმის სწორად აღსრულება. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება გარკვეული გამოწვევები, არსებობს შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც პარლამენტის, სახალხო დამცველის, პროფკავშირების და დამსაქმებელთა ასოციაციების მიერ. ჩვენ ერთობლივად ყველა იმ გამოწვევას განვიხილავთ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ბიზნესის მხრიდან და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

დღეის მდგომარეობით სპეციფიკური სამუშაოს ნუსხას განეკუთვნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიც არის მაგალითად, სამედიცინო მომსახურება, სახანძრო სამაშველო საქმიანობები, ანუ ის კრიტიკული უწყებები, რომელთა ფუნქციონირების შეზღუდვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადო სიკეთეს. დღეს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე გადაწყდა, რომ ეს მისაღები ფორმაა. თქვენთვის ცნობილია, რომ იმ ადამიანთა და პროფესიათა ნუსხა მაქსიმალურად გაფართოვდა, რომელსაც 40-საათიანი სამუშაო რეჟიმი შეეხო. შრომის ინსპექციას დარღვევის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს, როგორც გაფრთხილების, ასევე დაჯარიმების და სამუშოა პროცესის შეჩერების შესაბამისი მექანიზმები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოგვიწევს. ამასთანავე, როცა ვნახავთ, რომ უფლებები დარღვეულია და ადამიანს გარკვეულწილად ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულება უწევდა და მისი ანაზღაურება არ ხდებოდა, ცხადია, რომ კომპანიას დაევალება, რომ აუცილებლად ანაზღაუროს ის გამოტოვებული პერიოდი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიაში შესაძლოა არსებობდეს“, – განაცხადა ფერაძემ.