სასაზღვრო სამსახურში საქართველოს საზღვარზე მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურნენ

ყველა სამუშაო, რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე, მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას  სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში განუცხადეს.

 

შექმნილი ვითარების შესახებ „КГБ“-ს სასაზღვრო სამსახურში განმარტეს.

„სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე სასაზღვრო ზონაში ყველა სამუშაო მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მკაცრი დაცვით, ამავდროულად, უპირველეს ყოვლისა, ის მიმართულია როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების, ასევე ოფიციალური თბილისის პოლიტიკის გასანეიტრალებლად სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი გამყოფი ხაზის გაუქმებასთან დაკაშირებით“ , – აცხადებენ  სამინისტროში.

მათ განმარტეს, რომ საუბარია ვეტერინარულ ღობეზე, რომელიც არ დაუშვებს ადგილობრივი მცხოვრებლების პირუტყვს მეზობელ ტერიტორიებზე გადაადგილებას და დაკარგვას.

ამასთან, სასაზღვრო სამსახური ხაზს უსვამს, რომ ეს ღობეები არ არის სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის აღმნიშვნელი.

გარდა ამისა, საზღვარზე არსებული ბარიერები ხელს უშლის საქონლისა და ტვირთების უკანონო გადაადგილებას, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმს და ნარკოტიკებს.

მუგუთის სოფლის ადმინისტრაციის უფროსმა ალან ჯიოევმა დაადასტურა, რომ ღობე დამონტაჟდა იმისთვის, რომ პირუტყვი სხვის ტერიტორიაზე არ გადაეშვა.

მან აღნიშნა, რომ 2016 წლამდე მიმდინარეობდა სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი, თუმცა შემდეგ ეს სამუშაოები შეჩერდა და დარჩა საკამათო საკითხები.

როგორც მედია წერს, მანამდე ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთის მცხოვრებლებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ მესაზღვრეებმა სახლებთან მავთულხლართები დაუმონტაჟეს.

სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მავთულხლართის მიღმა ტერიტორია ყოველთვის სამხრეთ ოსეთს ეკუთვნოდა და ახლა შიშობენ, რომ მომავალში საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი იქ გაივლის.