“სანამ დედა საყვარელთან ერთად სასტუმროში იყო, 3 წლის ბავშვი მანქანაში გაიგუდა?” – საზარელი ტრაგედია რუსთავში

ადგილობრივი მაცხოვრებლები, “ალიას” ექსკლუზიურად გვატყობინებენ რუსთავში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შესახებ, როგორ იმსხვერპლა დედამ სამი წლის შვილი.

 

რადგან ამ ინფორმაციას, ამ ეტაპზე ვერ ვამოწმებთ, ამიტომ ვინაობის დასახელებისგან თავს ვიკავებთ და ნაამბობს მთხრობელის სტილის დაცვით გთავაზობთ:

“მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან ქალმა, რომელიც რუსთავში საყვარელს უნდა შეხვედროდა, ქმარს უთხრა, რომ დედა ჰყავდა ცუდად რუსთავში და უნდა წასულიყო მისახედად. ქმარს რომ ეჭვი არ აეღო, თან წაიყვანა შვილები, 3 და 8 წლის ბავშვები.

ქმარმა ჩაიყვანა ცოლ-შვილი რუსთავში და დატოვა.

ქალი შეხვდა საყვარელს, ბავშვები ჩასვეს საყვარლის მანქანაში (ჯიპი) და სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის წინ დატოვეს, სიცხეში, დაკეტილ ფანჯრებში და თავად ავიდნენ სასტუმროში…

დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა დაინახა როგორ ურტყამდა მანქანის მინას ხელს ბავშვი, გამოიძახა საპატრულო სამსახური, ჩაამსხვრიეს მანქანის ფანჯარა… 3 წლის ბავშვი უკვე გაგუდული იყო და მხოლოდ უფროსის, 8 წლის ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

დედა და მისი საყვარელი სასტუმროს ნომერში იპოვნეს, ნასვამები, დაძინებულები.”

თუ ვინმე ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ფლობს, დაგვიკავშირდით ნომერზე – 555 46 08 04

განახლება:

“ალია” კომენტარისთვის დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტს არ ადასტურებენ.

მარნეულიდან კი კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდნენ და გვეუბნებიან, რომ დედის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.

“ალია” დაუკავშირდა “გალფის” ცენტრალურ ოფისს და ითხოვა რუსთავში, გალფის ბენზინგასამართი სადგურის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მოგვცეს ნომერი, რომელიც სრულიად სხვა რაიონის წარმომადგენლის ნომერი აღმოჩნდა.

კიდევ ერთხელ დავუკავშირდით “გალფს”, კიდევ მოგვცეს რუსთვის ფილიალის მენეჯერის ნომერი, რომელიც, ამჯერად “კოდას” თანამშროლის ნომერი აღმოჩნდა.

მესამედ რომ დავუკავშირდით “გალფს” გვითხრეს, რომ არ აქვთ თანამშრომელთა ნომრების გაცემის უფლება და რომ ფილიალს ნომერი არა აქვს.

“ალიამ” მაინც მოიპოვა არსებული ფილიალის მენეჯერის ტელეფონის ნომერი, დ. გოჩაძის, რომლის ტელეფონიც თავდაპირველად გამორთული იყო, შემდეგ თავად გადმოგვირეკა და მანაც უარჰყო მომხდარი.

“ალია” დაუკავშირდა “გალფის” ბენზინგასამართი სადგურების მიმდებარე სასტუმროებს, სასტუმრო “რუსთავს” და სასტუმრო “რიოს” – ორივემ უარჰყო ფაქტი, რომ მათ სასტუმროში იყო დედა, რომლის შვილიც გაიგუდა.

“ალია” დაუკავშირდა მარნეულის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, ნინო დეკანოიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ არ იცის მომხდარზე და რასაც შეიტყობს, გაგვაგებინებს.

“იმედი”