არაფრის გამო მოკლეს 21 წლის ბიჭი. [ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ] სასჯელიც და კვალიფიკაციაც სწორია, ამიტომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს , – ასე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.
სააპელაციო საჩივრის განაჩენი 2 თებერვალს, 13:00 საათზე გამოცხადდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგა, რა დროსაც პროკურორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები უტყუარია და ამით გიორგი კავილაძისა და ალეკო ჭელიძის დანაშაული მტკიცდება.
როგორც პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა აღნიშნა, ანძებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბერში, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე რამდენიმე დღის განმავლობაში ნიკო კვარაცხელიას უთვალთვალებდნენ მსჯავრდებულები.
“პატივცემულო სასამართლო, ეს არის დადგენილი, ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ერთი შეხედვით მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს, მაგრამ დამერწმუნეთ, ვსაუბრობ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც კანონის მიერ იქნა მოპოვებული და გამოკვლეული სასამართლოში. სასამართლოს მიერ ადეკვატურად შეფასდა მოპოვებული მტკიცებულებები და მივიღეთ ის შედეგი, რა შედეგიც მივიღეთ და რასაც არ ეთანხმება დაცვის მხარე. ყოველი ჩემ მიერ ნათქვამი წინადადება დამყარებულია მტკიცებულებაზე. აქ არ არის არც ჩემი სურვილი, არც ფანტაზია, არც მსგავსი არაფერი. ეს არის მტკიცებულებების ანალიზი.
ყოველი ჩემ მიერ გაჟღერებული სიტყვა ერთმანეთთან კავშირში და ბმაშია, რომელიც საბოლოოდ ლოგიკურ შედეგს გვაძლევს.
ალეკო ჭელიძის დაცვა აცხადებს, რომ ჭელიძემ ნამდვილად ჩაიდინა ნიკოლოზ კვარაცხელია განზრახ მკვლელობა, მაგრამ ეს არ ჩაუდენია გიორგი კავილაძესთან ერთად, არც კავილაძესთან ერთად არ შეუძენია და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლოს მასალას. გიორგი კავილაძემ და მისმა დაცვამ კი, მოითხოვეს გაბათილება ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენასა და შენახვაში და ითხოვეს კვალიფიკაციის შეცვლა – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლით. პატივცემულო სასამართლოვ, ეს არის აბსურდი, იმიტომ, რომ ალეკო ჭელიძემ გიორგი კავილძესთან ერთად მოახდინა იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება. შესაბამისად, ამ ორმა დამნაშავემ ერთად დაგეგმეს და სისრულეში მოიყვანეს დანაშაულებრივი ქმედება ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა”,- განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა
ასევე, პროკურორის თქმით, აბსურდია მოტივი, რომლის თანახმად, გოგოს გამო იყო წყენა კვარაცხელიასა და ერთ-ერთ ბრალდებულ ალეკო ჭელიძეს შორის.
როგორც პროკურორმა განმარტა, მიუხედავად ბრალდების მხარის ჩაკითხვისა, არც კავილაძემ და არც ჭელიძემ არ დაასახელეს იმ უცნობი გოგონას ვინაობა, ვისაც თითქოს აწუხებდა ნიკოლოზ კვარაცხელია. ასევე არ დაასახელეს პიროვნება, თუ ვისი საშუალებით შეუთვალა დანაბარები ალეკო ჭელიძემ ნიკოლოზ კვარაცხელიას.
“ეს მოტივი, ვითომდა გოგონას გამო [იყო] წყენა, რა თქმა უნდა აბსურდია, რადგანაც ბრალდებულებმა არც გოგონას ვინაობა დაასახელეს, ვერც დანაბარების გადამცემი პირი.
თურმე ნიკოლოზ კვარაცხელია, რომელსაც საცოლე ჰყავს და მასთან ერთად ცხოვრობს 2016 წლიდან, გამოეკიდა ალეკო ჭელიძის მეგობარ გოგონას და მიუხედავად შეთვლებისა, მაინც არ აძლევდა მოსვენებას. თურმე, ტელეფონზე დარეკვისა და შეხვედრის დათქმის შემთხვევაში კვარაცხელია მას დაემალებოდა და არ შეხვდებოდა. ეს არის ტყუილებითა სიცრუით გარდაცვლილის სახელისა და ავტორიტეტის შელახვა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, ძალში დატოვოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, როგორც კვალიფიკაციის ისე სასჯელის ნაწილში”, – განაცხადა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში, რითაც მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულებს არ უთქვამთ, მოტივი რატომ მოკლეს წარმატებული ადამიანი, რომელსაც მათთვის არაფერი დაუშავებია. ასევე, არ გამოუთქვამთ არანაირი სინანული და ბოდიში, თუმცა ბრალდებას ამის მოლოდინი არც ჰქონდა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მათ 17-17-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.