იუსტიციის მინისტრი – პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო პერსონალი პაციენტის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

როგორც რატი ბრეგაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ის ყველას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა და სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზირება შეწყვიტონ.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ როდესაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი მიხეილ სააკაშვილს ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობისკენ, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნური გაუარესებისკენ. შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შევთავაზეთ, რაზეც მან უარი თქვა. ის გამოძიებას საშუალებას არ აძლევს, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღონ. ეს იმის მანიშნებელია, რომ მხარე სიმართლის დადგენით არ არის დაინტერესებული. ჩვენ, ასევე,მას და მის დაცვის მხარეს შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ, თუმცა მხარე ამ შეთავაზებასაც არ გამოხმაურებია. მოვლენათა განვითარების ეს ჯაჭვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად.

ჩვენ, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო პერსონალი, შეიძლება პასუხისმგებლები ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადოდ შესრულებაზე, მაგრამ პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით.

პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა და სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზირება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.